• Ƀ/$

ამერიკის ეკონომიკამ ყველაზე კონკურენტუნარიანის სტატუსი დაკარგა

29 მაისი 10:56 | ეკონომიკა

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად სინგაპური კონკურენტუნაიანი სახელმწიფოების რეიტინგის სათავეში მოექცა, პირველ სამეულში ჰონ კონგი და აშშ შევიდნენ.

ამის შესახებ შვეიცარიული ბიზნეს-სკოლის IMD-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 29 მაისს გამოქვეყნდა.


ამერიკამ, რომელიც აქამდე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, სინგაპური მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მისი მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური სამუშაო ძალის, ხელსაყრელი საიმიგრაციო კანონმდებლობისა და ახალი ბიზნესის შექმნის ეფექტიანობის დამსახურებით გახდა.


მეორე ადგილი ჰონ კონგმა, ხელსაყრელი საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობისა და საწარმოთა დაფინანსების ხელმისაწვდომობის გამო დაიკავა.


ამერიკამ რეიტინგის სათავეში ყოფნა მხოლოდ 1 წლით შეძლო. ადგილის შენარჩუნება, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის საგადასახადო რეფორმის პირველი ტალღის შემდეგ გაძნელდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჯერ კიდევ რჩება გლობალური ეკონომიკის განმსაზღვრელად, მას მაინც აქვს პრობლემები მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შემცირების, ნავთობზე ფასის ზრდისა და დოლარის მერყევ კურსთან დაკავშირებით.


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის რეიტინგში ყველაზე მაღლა ლიეტუვაა – 29-ე ადგილით. ყაზახეთი 34-ე, ხოლო ესტონეთი 35-ე პოზიციას იკავებს. კონკურენტუნარიანი ქვეყნების ჩამონათვალს მონღოლეთი და ვენესუელა ხურავენ.


IMD-ის ეკონომისტები 63 ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას აფასებენ. ჩამონათვალში საქართველო არ შედის. ბოლო ანგარიშში მათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმატებაზე გაამახვილეს ყურადღება. უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთის ორი ქყვეყანა ათეულში პირველად შევიდა. ესენია არაბეთის გაერთიანებული საემიროები მე-5 და ყატარი მე-10 პოზიციით. საუდის არაბეთს კი წელს ყველაზე დიდი ნახტომი აქვს რეიტინგში. მან 26-ე  პოზიციიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. გერმანია კი მე-15-დან მე-17 ადგილზე აღმოჩნდა.


სხვა სიახლეები