• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ფოთის პორტის მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა

30 მაისი 11:40 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან.


გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - აცხადებს ნათია თურნავა.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2 მაისს მთავრობამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვა გასცა, კონსორციუმსა და მის პარტნიორებს “დაუმალა”. როგორც კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”.


“დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“„ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკის მომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”, – ვკითხულობთ ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში.


ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ 29 მაისს გაავრცელა. მათივე განცხადებით პირევლი ეტაპის სამუსაოების ღირებულება 250 მლნ ლარი იქნება.


„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში.


ფოთის ნავსადგურის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქ ფოთში არ განხორციელებულა.ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება ევროპული ინვესტიციებით. სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით“, - აღნიშნულია ფოთის მერიის ინფორმაციაში.


“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა”  ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისნებართვის მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.


“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.


“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“, მათივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, მიმდინარე წლის დასაწყისში წარუდგინა ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა



სხვა სიახლეები