• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში ექსპერტი "მომავლის გზავნილებს" ხედავს

7 ივნისი 22:31 | ეკონომიკა

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენაზე გააჟღერა, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდებოდა.

ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.


„გზავნილები მომავლისთვის...


დღეს საპარლამენტო დებატებმა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას უსმენდნენ, ცხარე დებატებში ჩაიარა.


მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც მინისტრის მხრიდან გაჟღერდა, ინვესტიციების ხელშეწყობის სტარეტეგიას და პორტებთან დაკავშირებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან იყო უშუალოდ კავშირში. სხვა თემები, მათ შორის პანკისის საკითხი, საინტერესო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც წმინდა პოლიტიკური სპეკულაციის ელფერს უფრო ატარებდა.
ქალბატონ ნათია თურნავას დღევანდელი გამოსვლიდან საინვესტიციო პლათფორმაზე აქცენტების გადატანა აბსოლუტურად სწორი იყო. ინვესტიციების ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე და დასაქმებაზე, განსაკუთრებით, ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკებისათვის შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან და გადაწყვეტ დატვირთვას იძენს. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზეგავლენა მომავალ წლებშიც ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად დასაქმების ხელშეწყობის მთავარი ეკონომიკური ინგრედიენტი იქნება.


აქედან გამომდინარე, ძალზე საინტერესო იყო საინვესტიციო პლათფორმის ახალი ხედვა, რომელიც ქალბატონმა მინისტრმა წარმოადგინა:


1. ერთი ფანჯრის პრინციპზე გადასვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო გარემო მხოლოდ კანონმდებლობით არ განისაზღვრება. ამ მხრივ, კონკურენტებიც საკმაოდ გვყავს, როგორც რეგიონში, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მთავარი,გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ეფექტურობაა ანუ რამდენად სწრაფად ხდება საინვესტიციო პროექტების დამტკიცება და რეალიზაცია.ეს არის უმნიშნელოვანსეი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს რამდენად შემცირებულია დროში ბიუროკრატიული მექანიზმების ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე. ერთი ფანჯრის პრინციპზე გადასვლა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით; საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი გაიზარდა 2017 წელს -13 %, რაც ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოში საშუალო, თუნდაც 3 წლიან პერიოდში წელიწადში სულ მცირე 3-4 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია(პუი) უნდა შემოვიდეს, რაც მშპ-ის 13%-ის ნაცვლად, 18-20 %-ს იქნება.


2. საინვესტიციო შეთავაზებების დარგობრივი მიმართულებიდან რეგიონალურ ჭრილში გადატანა. ესეც არის კიდევ ერთი ინოვაცია, რადგან დღემდე ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაკადები არა რეგიონებში, არამედ თბილისში იყო კონცენტრირებული. შესაბამისად, ახალი პლათფორმა ახალ სიცოცხლეს შეძენს რეგიონების განვითარებასაც, როგორც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, ასევე დასაქმების და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დარღვეული სოციალური და დემოგრაფიული( მიგრაციული) ბალანსის აღდგების მიმართულებით;


3. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხოციელებისას, რაც ასევე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სტიმულატორია, სამხრივი ხელშეკრულებების მოდელზე გადასვლა. ეს განსაკუთრებით, ენერგეტიკულ პროექტებს ეხება. ბუნებრივი რესურსების ათვისება და მათი ექსპლოატაცია ისედაც ითვლ;ება ეკონომიკური ზრდის და ეკოლოგიაზე ზეგავლენის ფუნდამენტურ მდგენელად. აქედან გამომდინარე, ურთიერთობის ახალი ფორმატი, სახელმწიფოს, ინვესტორსა და ადგილობრივ თემებს შორის, დააბალანსებს სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს, რაც ისევ ეკონომიკური ზრდის ფავორში უნდა განვიხილოთ.


4. სატრანსპოტო არტერიების მოდერნიზაცია, ერთიან სატრანსპორტო და სამრეწველო ჰაბის კონცეფციაში. მინისტრის მხრიდან გაკეთდა აბსოლიტურად სწორი მინიშნება, რომ ანაკლიის და ფოთის პორტების განვითარება არ შეიძლება "წამგებიანი კონკურენციის" მოდელზე აიგოს ანუ ერთი პორტის განვითარებამ მეორე არ უნდა “ჩაძიროს“. ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მიმართულებად აღიარებაზე და მის როლზე სატრანზიტო გადაზიდვებზე გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, მაგრამ ამავდროულად ხაზი გაესვა ფოთის და ბუნებრივია, ბათუმის პორტების მნიშვნელობას ქვეყნის ერთიან სატრანზიტო ჰაბის კონცეფციაში.


მინისტრის მხრიდან წარმოდგენილი კონცეფცია, მთლიანად თავსებადია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აოცანების გადასაწყვეტად, ქვეყანა უნდა გადავიდეს დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე, რაც ყველაზე მაღალ ეფექტს მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების პირობებში იღებს, ანუ ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, არა მხოლოდ აქ წარმოებულ საქონელზე, არამედ ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის სასაქონლო ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში ეკონომიკური ზრდის ალტერნატივად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაცია და შესაბამისად საქონლის დასაწყობებას და ნაკლები დანახარჯებით მათ გადაზიდვების სტიმულირება განიხილება. საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო არტერიების მოდერნიზაციაც სწორედ ამ კუთხით არის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მომტანი“, - განმარტავს გიორგი ცუცქირიძე.


დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას უსმენდნენ".


სხვა სიახლეები