• Ƀ/$

ლადო კახაძე 62,5% : 37,5% შალვა შავგულიძე – მთაწმინდაზე არჩევნებს მმართველი გუნდის კანდიდატი იგებს

9 ივნისი 22:59 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, 22:00 საათისთვის დათვლილი ხმების თანახმად, მმართველი გუნდის კანდიდატს ლადო კახაძეს ამომრჩეველთა 62,5%-მა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმების 37.5% მოიპოვა.


"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მადლობა ნდობისთვის. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75% და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო. ძალიან დიდია სხვაობაა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა", - განაცხადა კახა კალაძემ.


„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.


"მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.


9 ივნისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გამართა.


სხვა სიახლეები