• Ƀ/$

მწვანე ენერგიის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენება იზრდება

10 ივნისი 11:12 | ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ განხორციელებული რეგულაციების საფუძველზე, მწვანე ენერგიის საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენება იზრდება.

„ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ 1. 054 მეგავატი შეადგინა. დღეისთვის სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელებში ჩართულია 101 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. აქედან 58 სადგური სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 43 სადგური - სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში.  


„ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა, არ წარმოადგენდეს  მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.


 


 


სხვა სიახლეები