• Ƀ/$

სტამბოლი - ყველას ქალაქი

ექსკლუზივი
12 ივნისი 10:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გოქჩენის აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გექმნებათ შეგრძნება, რომ კვლავ სამშობლოში ხართ, კერძოდ, ოკრიბაში. დიახ, იქ ადამიანები ათასი სხვადასხვა მიმართულებით წასვლას გთავაზობენ, ხმამაღლა, ემოციურად და ხელ-ფეხის ქნევით.

არა, გამაღიზიანებელი სულ არ არის. სასაცილოა. ეს არის რაღაც ისეთი, რაც ევროპაში არ ხდება. ხდება საქართველოში, ოღონდ, ასე ხმამაღლაც არა.


ქალაქი 18 მილიონი მაცხოვრებლით და, ალბათ, 1 მილიონი ტურისტით არ ჟღერს იმდენად შემაშფოთებლად, რამდენადაც, რეალურად არის. ხალხი დადის ყველგან: სამანქანო გზაზე, ტროტუარზე, ტრამვაის ლიანდაგზე. მხოლოდ ტროტუარზე, უბრალოდ, ვერ ეტევიან.



სტამბოლის დატვირთულ ქუჩებში სეირნობიდან ერთ საათში თქვენც აუცილებლად დაგეუფლებათ შეგრძნება, თითქოს სადღაც ძალიან გეჩქარებათ. მერე, რომელიმე კაფედან გამოვარდნილი პრომო გაგიფანტავთ ყურადღებას და მაქსიმალურად ეცდება, ამ კაფეში დაგიყოლიოთ. თურქული არ გესმით? ინგლისურად. არც ინგლისური იცით? რუსულად. არც რუსული? მაშინ საიდან ხართ? გერმანულად, იტალიურად, ქართულად, ხელ-ფეხით. გაგაგებინებთ, თქვენ ოღონდ შემობრძანდით. მიირთვით რაც გნებავთ, როგორც გნებავთ, ფასზეც მოვრიგდებით, არ არის პრობლემა.



არავინ გაფრთხილებთ, რომ ტერასაზე არ უნდა ისადილოთ. გათამამებული თოლია რომ ზუსტად ისე აგაცლით კერძს, როგორც ამ გოგონას წაართვა სტეიკი. გაოცებული მიმტანი გეტყვით, რომ შეგეძლოთ, შენობაში დამჯდარიყავით და არანაირი თოლია არ შეგაწუხებდათ. არა, ვერაფრით გაბრაზდებით. ესეც სასაცილოა.



არ გაუშვათ შანსი, გაგასულელოთ მენაყინემ. პატარა შოუთიც დატკბებით და ნაყინითაც. ბაქლავის შერჩევისას ბევრი არ იფიქროთ. ყველა ერთნაირად გემრიელია. დაშაქრული ხილის დახლებთან ცოტა სწრაფად ჩაიარეთ. ყველაფერს შაქრავენ, რაც გაგიგიათ და, დიდხანს თუ გაჩერდებით, შეიძლება, თქვენც დაგშაქრონ. კვებისა და გართობის ინდუსტრიის შერწყმა ამ ქალაქში შეუდარებლად გამოსდით.



სტამბოლი ტკბილეულამდე, ყავამდე, ჩაიმდე და ნაყინამდე, მაინც, ღირშესანიშნაობებთან ასოცირდება. რაა სტამბოლი, თუ არ დაათვალიერეთ ტოპკაპისა და დოლმაბაღჩეს ყველა კუთხე; არ ჩახვედით ცისტერნა ბაზილიკაში და არ ჰკითხეთ თქვენს თავს, ეს რანაირად მოიფიქრეს და ააშენეს მაშინ? აღარაფერს ვამბობ აია სოფიაზე, რომელიც თქვენზე შთაბეჭდილებას გარედან კი არა, შიგნიდან ახდენს. ყველა ამ შენობაში, ყველა დეტალი ისტორიას აცოცხლებს. აზიური მუსიკის ხმაც გესმით, მოლას ლოცვაც (ოღონდ, ეს მართლა), სულთნისა და მისი ცოლების სამკაულების ჩხრიალიც და ათას მეერთე ღამის მთვარის შუქსაც დაინახავთ, თუ წარმოსახვას ბოლომდე გაჰყვებით.



სტამბოლში არტეფაქტები და ისტორია, შეიძლება ითქვას, ქუჩაში ყრია. თუ დააკვირდებით, ყველა მოზრდილ ლოდს, მოძველებულ შენობას ან სვეტს თან ახლავს საინფორმაციო ბანერი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის ისტორიას გიყვებათ. მართალია, შეიძლება რომელიმე უძველესი თაღის ნანგრევზე შემომჯდარი სიგარეტიანი ადამიანი, ან გასაყიდად გამოტანილი საქონელი შენიშნოთ, მაგრამ, ამაშიც არის მისტიკა და იდუმალება. ალბათ.




თავგადასავლებისთვის სტამბოლი იდეალური ადგილია. ევროპული წესრიგისგან ძალიან შორსაა, მაგრამ, სამაგიეროდ, უყვარხართ, ვინც არ უნდა იყოთ.



ავტორი: ნინი მეტრეველი


ფოტო/ვიდეო: მიხეილ დიასამიძე


სხვა სიახლეები