• Ƀ/$

აშშ თურქეთის გლობალური ფინანსური სისტემისგან ჩამოშორებას გეგმავს

19 ივნისი 18:01 | ანალიტიკა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ოფიციალური ანკარის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო-სარაკეტო სისტემა „S-400”-ის შეძენის საპასუხოდ, თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომების შემოღებაზე ფიქრობენ, რაც თურქეთის ეკონომიკას რთულ ვითარებაში ჩააგდებს.


სანქციების უმეტესობა, შესაძლოა, 2017 წელს ამერიკის ხელისუფლების მიერ მიღებულ სპეციალური კანონის (CAATSA) ფარგლებში მოექცეს, რომელიც ამერიკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან, თავდაცვის სფეროში ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის თანამშრომლობას, სანქციებს უწესებს.


დეგეგმილი შეზღუდვები თურქულ საწარმოებს ამერიკულ ბაზართან წვდომას შეუწყვეტს და ანკარა ვერ შეძლებს როგორც შტატების პროდუქტის შესყიდვას, ასევე ვერ შეიტანს საკუთარ პროდუქციას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.


გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული სანქციები თურქეთის წინააღმდეგ შესაძლოა ივლისში ამოქმედდეს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულს ამავე თვეში, „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ აამოქმედებს, რადგან აღნიშნულ სამიტზე აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.


დამატებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ, ფლორიდასა და არიზონაში არსებულ სამხედრო ბაზებზე, თურქი პილოტების გადამზადების ანულირება მოახდინა და მათ ბაზებზე წვდომა შეუწყვიტა.


ამერიკამ ასევე უარი განაცხადა თურქეთიდან 34 პილოტის მიღებაზე, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ჩასულიყვნენ აშშ-ში, მოიერიშე „F-35”-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.


აშშ აქტიურად ცდილობს უარი ათქმევინოს თურქეთს „S-400”-ების შეძენაზე. მანამდე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა გააფრთხილა ერდოღანის ხელისუფლება, რუსული შეიარაღების გამოყენების შემთხვევაში უარს ეტყოდა „F-35”-ების მიყიდვაზე.


30 ერთეული თვითმფრინავი ოფიციალურმა ანკარამ უკვე შეუკვეთა, ხოლო სამომავლოდ 100 ერთეულის შეძენას აპირებდა.


ამერიკის მუქარის და გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება პოზიციას არ იცვლის.


პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, რუსეთთან შეთანხმება უკვე მიღწეულია არამხოლოდ შესყიდვაზე, არამედ ხსენებული ტექნიკის სამომავლოდ ერთობლივ წარმოებაზე.


სტამბულის ილდირიმ ბეიაზიტის უნივერსიტეტის პროფესორის, ქუდრეთ ბიულბიულის განცხადებით, ეს ისტორია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აშშ მის მოკავშირეებთან ურთიერთობებისას, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს.


„თურქეთი იძულებულია შეისყიდოს „S-400”-ის სისტემა, რადგან ნატოში ანკარის მოკავშირეებმა რამდენჯერმე უარი უთხრეს ამ სახელმწიფოს მცდელობებს შეეძინა დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, იმის მიუხედავად, რომ თურქეთს რეგიონში მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება. ის ფაქტი, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის და ვენესუელის კვალდაკვალ ცამხრივი სანქციების დაწესებით ემუქრება თურქეთს მეტყველებს იმაზე, რომ საბოლოოდ მოვიდა დრო, ევროპის ქვეყნებმა შეწყვიტონ როგორც დუმილი, ასევე ცალხმრივი პოლიტიკის წარმოება შეერთებულ შტატებთან. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები მონაწილეობას არ მიიღებენ აღნიშნულ სიტუაციაში, ადრე თუ გვიან ისინი თავად შეეჯახებიან ამერიკულ შატანჟსა და ზეწოლას“, - აცხადებს თურქი ექსპერტი.


აშშ თურქულ-რუსულ გარიგებაში მთავარ საფრთხედ ხედავს იმ ფაქტს, რომ „S-400”-ის სისტემის გამოყენებით, მოიერიშე „F-35”-ის და ნატოს სტანდარტის სხვა საფრენი აპარატების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა რუსულ დაზვერვას ჩაუვარდეს ხელში.


სხვა სიახლეები