• Ƀ/$

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები ვაშინტონში. რატომ გააქტიურდა ამერიკა?

21 ივნისი 18:38 | ანალიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ელმარ მამადიაროვმა, ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში, ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამ ფორმატში შეხვედრა ამერიკაში პირველად გაიმართა.


ექსპერტების აზრით, შეხვედრა შესაძლოა, კავკასიის რეგიონში აშშ-ის როლის გაძლიერებაზე მიუთითებდეს.


მინისტრთა შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, მაგრამ ხელშესახები შეთანხმებები არ მიღწეულა.


მოლაპარაკებების შემდეგ, „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეთა მხრიდან განცხადებები გაკეთდა, რომ მათ მნაცაკანიანსა და მამადიაროვს მოუწოდეს, ორივე მხარემ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები „მშვიდობიანი ატმოსფეროს“ აღსადგენად. დამატებით ისინი თანახმა არიან უახლოს მომავალში მორიგი შეხვედრა გაიმართოს.


სომხეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური სამსახურების ხელმძღვანელებმა დამატებით ცალკეული შეხვედრები გამართეს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და სახელიწიფო მდივნის მოადგილეებთან, ჯონ სალივანთან და დევიდ ჰეილთან.


2018 წლის ოქტომბერში, ბოლტონი ვიზიტით აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია. მაშინ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამერიკას სურს ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება იმ არსებული (ბირთვული) შეთანხმების ფარგლებში, რომელიც წინა წელს ამერიკელებმა თავად დატოვეს.


„ბოლტონის წინა წლის აღნიშნული ტურნე ცხადჰყოფს, რომ ვაშინგტონი აპირებს უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონში“, - განაცხადა „კარნეგის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პოლ სტრონსკიმ.


„ბოლტონი ორიენტირებულია ირანზე. შესაბამისად, სომხეთთან და აზერბაიჯანთან განხილული იქნება ირანთან ეკონომიკური კავშირების საკითხები, რომელიც უფრო მკაცრი სომხეთის მისამართით იქნება“, - ამბობს სტრონსკი.


„გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან თანამშრომლობის გზებს ეძებს. მთიანი ყარაბაღი არის მიმართულება, რომელშიც აშშ-ის ტრადიციულად, პროდუქტიულად გამოსდიოდა რუსეთთან ერთად მუშაობა. ტრამპს სურს რაიმე სასიკეთო გააკეთოს საერთაშორისო არენაზე“, - დასძინა მან.


„მოხარული ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საფუძვლიანად დაიწყო მთიანი ყარაბაღის საკითხზე ზრუნვა, რომელიც დღესდღეობით დიდ ყურადღებას ვერ იმსახურებს, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია“, - ამბობს სტრონსკი.


„ამერიკამ დაიწყო მნიშვნელოვანი და აქტიური როლის თამაში კავკასიაში“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, ლეილა ალიევამ.


მისი მოსაზრებით, ვაშინგტონი ცვლის თავის პოზიციას, რადგან წინა წლებში „ამერიკის როლი იყო უფრო პასიური შიდა პრობლემების გამო და სხვა საერთაშორისო პრიორიტეტების გამო“.


„ბოლტონს არ აინტერესებს ყარაბაღის საკითხი. იგი ორიენტირებულია ირანზე“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სომხეთში, ჯონ ევანსმა.


მეტი მოლაპარაკებები


ექსპერტთა უმეტესობის თქმით, სომხეთში 2018 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები უფრო გააქტიურდა.


სიტუაციის მნიშვნელოვანი განმუხტვა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ მოხდა, რაც სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 2018 წლის სექტემბერში, დუშანბეში გამართულ დსთ-ის სამიტის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართეს.


„სროლებმა შეხების ხაზზე შესამჩნევად იკლო, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კავშირი დამყარდა“, - განაცხადა „საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის“ ექსპერტმა სამხრეთ კავკასიაში, ოლესია ვართანიანმა.


„წინა წლის სექტემბრის შემდეგ მოყოლებული პერიოდი იყო ყველაზე მშვიდობიანი მონაკვეთი, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე. ჯარისკაცები არ დაღუპულან, ხოლო ხალხმა, რომლებიც ფრონტის ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ, შეძლეს ნორმალურად დაკავებულიყვნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით“, - ამბობს ვართანიანი.


2019 წელს ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრები ვენაში და დავოსში გამართა.


ერთია რომ 2019 წლის გაზაფხულზე შეტაკებები ფრონტის ხაზზე კვლავ განახლდა. ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა ნაღმმტყორცნებიდან სროლაში.


ამ კვირას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის „ძალებთან“ ერთობლივი სამხედრო წვრთნები განახორციელეს. პარალელური წვრთნები აზერბაიჯანშიც გაიმართა.


სიტუაციის გართულების ფონზე, მაისში, რუსეთის, საფრანგეთის და ამერიკის წარმომადგენლები ერევანსა და ბაქოში ჩავიდნენ, სადაც შეთანხმდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეოს მინისტრთა ვაშინგტონში შეხვედრაზე.


რას ველოდოთ შემდგომ?


„მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში აქტიური შეხვედრები უკვე უნდა მივიჩნიოთ პოზიტიურ ნიშნად. არსებობს რეალური ვალდებულებების ნაკლებობა. აუცილებელია დაიწყოს პირდაპირი ნაბიჯების გადადგმა, სიტუაციის ნორმალიზებისთვის“, - განაცხადა ექსპერტმა რეგიონის საკითხებში, ლორენს ბროერმა.


როგორ ნაბიჯები განიხილება? – ოლესია ვართანიანის თქმით, შეხვედრამდე მხარეები ემზადებოდნენ განეხილათ ჰუმანიტარული საკითხები. საუბარია საზღვარზე დაკავებულთა, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საწარმოებლად უსაფრთხოების გარანტიებზე და ორივე სახელმწიფოს მხრიდან, ჟურნალისტთა თავისუფალ ვიზიტებზე რეგიონში.


სხვა სიახლეები