• Ƀ/$

ივანე მაჭავარიანი - ძალიან მტკივა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა ძვირი ჯდება არასტაბილურობის ასეთი ხარისხი

28 ივნისი 18:07 | ეკონომიკა

„მე პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ მარტო, ძალიან მტკივა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირი ჯდება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და ნეგატიური მოლოდინების ანარეკლია.


„მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან. გულწრფელად გეუბნებით, მენანება ის, რომ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდეს ამდაგვარი ქმედებებიდან. ახლა, რაც შეეხება იმას თუ რას ვაკეთებთ? რასაკვირველია, ჩვენ შევხედავთ და ვუყურებთ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკაში მოვლენები. დღეს, რასაკვირველია, მატერიალიზებული არაფერი არ არის - არც ემბარგო და ჯერ ტურისტული ნაკადის შეჩერება მინიმალურია, თუმცა მოლოდინები მძიმეა. იმედს ვიტოვებ, ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით. დღეს ლართან დაკავშირებით რაც ხდება, ერთმნიშვნელოვნად ამ მოლოდინების ანარეკლია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ეთანხმება ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.


„ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორედ ახორციელებს თავის ფუნქციას სავალუტო კურსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ რადიკალიზმი და ეს ისტერია დაიწევს და გადავალთ ნორმალურ რეჟიმში. მითუმეტეს, ამის საფუძველი დღეს არსებობს - იქნება ეს პროპორციული არჩევნების ახალი ინიციატივა თუ ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის ზუსტად ის გარანტიები, რომ შემდეგი არჩევნები იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი პოლიტიკური ძალებისთვის. მე მჯერა, რომ წინა არჩევნებიც იყო სამართლიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან იზრდება ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე, ეს სწორი და დადებითი მოვლენაა. შესაბამისად, არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის ეს ხარისხი გვქონდეს ქვეყანაში არ არსებობს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


სხვა სიახლეები