• Ƀ/$

მთიან რეგიონებში 155 000 მეტ მოსახლეს ავტომობილების ინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება

1 ივლისი 18:58, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ტექდათვალიერების სერვისის ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებით საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოაციაცია განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გახდა საყოველთაო. იმისთვის, რომ ინსპექტირების პროცესი გამხდარიყო გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია გრინვეიმ. ინსპექტირების ხაზების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით კომპანიას უნდა უზრუნველყო მთიანი რეგიონების სამი მოძრავი (მობილური) ხაზით მომსახურება. მოძრავი ხაზების სამოქმედო არეალად რეკომენდაციის შესაბამისად განსაზღვრული იყო შემდეგი მუნიციპალიტეტები : ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი, სადაც   მოსახლეობა 155 ათასს აჭარბებს.


დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მობილური ხაზები გვხვდება არა მთიან მუნიციპალიტეტებში, არამედ ბათუმის, ზუგდიდის , მარტვილის , ახალციხის ქალაქების ცენტრებში, რის გამოც მთიანი რეგიონის მოსახლეობა დარჩენილია მომსახურების გარეშე. შესაბამისად არ სრულდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაპირება ხელმისაწვდომობის შესახებ. აღნიშნული მიზეზის გამო, ინსპექტირებისთვის მძღოლებს დამატებით უწევთ მრავალი კილომეტრის გავლა, რაც დაკავშირებულია არასაჭირო ეკონომიკურ დანახარჯებთან. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ავტომობილების დახარვეზების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, მძღოლი ჯერ ახორციელებს პირველ ვიზიტს ცენტრში, დახარვეზებისას ბრუნდება მთიან რაიონში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ჩამოდის ქალაქის ცენტრში და კვლავ ბრუნდება რაიონში. მათთვის ინსპექტირების ღირებულება 60 ლარი, უსამართლო სქემის გამო ორმაგდება ან სამმაგდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასოციაციას ხშირად მომართავენ ამ ფაქტით შეწუხებული, როგორც მძღოლები, ასევე ადგილობრივი ინსპექტირების ცენტრები.


დიდი ალბათობით იკვეთება მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი ქმედება ინსპექტირების ბიზნესში, რისი დასტურიცაა კომპანია „გრინვეის“ მიერ მობილური ხაზების განზრახ განთავსება უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრების სიახლოვეს. ვიღებთ სურათს, რომ ერთ დასახლებაში (ხშირად გზის ერთ მონაკვეთზეც კი) გვხვდება 2 ინსპექტირების ცენტრი (ადგილობრივი და მობილური), რაც ქმნის არაჯანსაღ ბიზნესგარემოს, ხოლო არაერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რჩება მომსახურების გარეშე. ასეთ ფონზე, უსამართლო იქნება მძღოლების დაჯარიმება ინსპექტირების არგავლის მიზეზით, რითაც ხელი ეშლება კანონის აღსრულებას.


მივმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით, რომ რეგლამენტით მკაცრად განისაზღვროს მოძრავი ხაზების დანიშნულება, სამოქმედო არეალი და გადაადგილების დროში გაწერილი  გრაფიკი, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება მთიანი რეგიონის მომსახურებაზე. სხვა შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა დარტყმის ქვეშ აყენებს მთლიანად ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელოვან რეფორმას.


მსგავს თემაზე:

200-მდე ყვითელმა მიკროავტობუსმა და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა



სხვა სიახლეები