• Ƀ/$

ეკონომიკის სამინისტროში პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს

4 ივლისი 19:57 | ეკონომიკა

პოლონეთის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს. 

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესრებოდნენ პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე.


„განვიხილეთ კონკრეტული განვითარების გეგმები, პრიორიტეტი არის სათავგადასავლო,  კულტურული, ასევე აგროტურიზმის მიმართულებები, რაშიც პოლონეთს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პარტნიორი, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები -  გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ტურიზმის კუთხით.  შევთანხმდით გამოცდილების გაზიარებაზე, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე და შემიძლია ვთქვა, რომ  უკვე დღეიდან დავიწყებთ გარკვეული შეთანხმებების აღსრულებას“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.


მისივე თქმით, ასევე  ძალიან საინტერესო იყო სპატურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა პოლონურ მხარესთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც პოლონეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ეკონომიკის სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პოლონეთი ტურიზმის მიმართულებით ტოპ-ათეულში შემავალი ქვეყანაა და ჩვენი მიზანია, რომ მან გადმოინაცვლოს ტოპ- ხუთეულში. „შესაბამისად, შევთანხდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო რეისების სიხშირეების გაზრდაზე. ასევე შევთანხმდით,  გავცვალოთ  ცოდნა და ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან პოლონეთი, ჩვენთვის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულებაა“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მსგავს თემაზე:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადება


ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ქუჩაზე მიმდინარეობს



სხვა სიახლეები