• Ƀ/$

რატომ აპირებდა ირანული სუპერტანკერი ევროპის გავლით სირიაში შესვლას?

5 ივლისი 16:08 | ანალიტიკა

აშშ-ის მოთხოვნით, გიბრალტარის ხელისუფლებამ, ბრიტანეთის საზღვო ქვეითების დახმარებით, ხმელთაშუაზღვის და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ირანული ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი Grace 1 დააკავა.

აღნიშნული ქმედების შემდეგ პირველი კითხვა, რაც გაჩნდა, არის, თუ რატომ დასჭირდა ოფიციალურ თეირანს განსაკუთრებით გრძელი გზის გავლა საკუთარი პროდუქტის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასატანად?


ზოგადად, ხომალდს, რომელსაც ირანული საწვავი სირიის მიმართულებით გადააქვს, ტვირთის წაღება შეუძლია სპარსეთის ყურის გავლით, შემოუაროს არაბეთის ნახევარკუნძულს, შევიდეს წითელ ზღვაში და სუეცის არხის გადაკვეთით ჩაიტანოს ნავთობის სირიის პორტამდე.


ხსენებული მოგზაურობისთვის მას მხოლოდ 3,500 „ნაუტილური მილის“ გავლა დასჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთდღიანი მგზავრობა არ არის, მაგრამ ბევრად მცირე მასშტაბებს წარმოადგენს, ვიდრე ოკეანეების გადაკვეთაა.


Grace 1-მა კი სრულიად მოულოდნელად, განსხვავებული და უფრო გრძელი მარშრუტი აირჩია. 12 000 „ნაუტილური მილის“ გავლით შემოუარა აფრიკის კონტინენტს, რათა ჩაეღწია სირიის ტერიტორიამდე, სწორედ ისე, როგორც სუეცის არხის აშენებამდე, ერთი საუკუნით ადრე მოქმედებდნენ საზღვაო ხომალდები.


აღნიშნულ გზას რამდენიმე სატანკერო კომპანია - “Kpler”, „Tanker Trackers” და სხვები იყენებენ.


ირანის ხელისუფლება წლებია იაფ ან უფასო საწვავს აწვდის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური დამასკო საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ თანამედროვე ნავთობის საბადოებს ვერ აკონტროლებს.


სატანკერო კომპანია “Kpler”-ის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, ყოველდღიურად ირანი ასადს 50 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა. ყოველდღიური ნავთობის ფასი $3 მლნ–ს შეადგენს, რაც საერთო ჯამში მილიარდობით დოლარია.


მიმდინარე სამოქალაქო ომის და „დაშლილი სახელმწიფოებრიობის“ გამო ასადის ხელისუფლებას ამ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ გააჩნია.


სირიისთვის „შავი ოქროს“ მიწოდება 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ შეწყდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის ექსპორტს სანქციები დაუწესა.


აღნიშნულის გამო, სირიაში საწვავის საგრძნობი დეფიციტი შეიქმნა, რომელსაც დამასკოში მდებარე გაზგასამართ სადგურებზე არსებული საავტომობილო რიგები ნათლად აჩვენებდა.


სირიისთვის ირანული ნავთობის მიწოდება უკანასკნელი ორი თვის მანძილზე აღდგა.


კომპანია „Tanker Trackers”-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი საშუალოდ დღეში 100 000 ბარელ ნავთობს აწვდის ასადის ხელისუფლებას.


უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ცნობებით, 1 მლნ ბარელით დატვირთული ირანული ტანკერი დიდი ხნის მანძილზე იდგა სირიის სანაპიროებთან და ვერ აწვდიდა მათ ნავთობს იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული წყალქვეშა ნავთობსადენი, რომელიც ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში უშვებდა ნედლეულს, აფეთქდა. სირიის მედია აფეთქებაში „გარე ძალებს“ ადანაშაულებდა.


მოგვიანებით, ოფიციალურმა დამასკომ განაცხადა, რომ არსებული ნავთობსადენი აღდგა და კომპანია „Tanker Trackers”-მა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, მოლოდინის რეჟიმში მყოფმა ირანულმა ტანკერმა 2 ივლისს ჩამოცალა ტვირთი, ხოლო მომდევნო ტანკერი უკვე მიემართებოდა სირიისკენ.


საინტერესოა რატომ აირჩია Grace 1-მა სრულიად განსხვავებული გზა დანიშნულების ადგილამდე ჩასაღწევად?



ჩვეულებრივ, იმ ხომალდების წყალქვეშა სიმაღლე, რომლებიც სუეცის არხის გავლით მოძრაობენ, არ აღემატება 20 მეტრს. იმ შემთხვევაში, თუ ტანკერი უფრო მძიმეა, ზემოთ ხსენებულ არხში შესვლამდე უნდა გადმოცალოს ტვირთის გარკვეული რაოდენობა, მანამ სანამ 20 მეტრზე არ დავა გემის წყალქვეშა სიმაღლე, მას შემდეგ რაც გემი შემსუბუქდება და იგი წყლის ზედაპირზე უფრო აიწევს, არხის გავლის შემდეგ, მეორე ბოლოში კვლავ ჩაიტვირთება გადმოცლილი პროდუქტით.


იქიდან გამომდინარე, რომ ამ მომსახურების კონკრეტულ ნაწილს საუდის არაბეთი აკონტროლებს, იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა სირიისთვის ნავთობის მიწოდებას.


კომპანია „Tanker Trackers”-ის ინფორმაციით, Grace 1-მა სწორედ ამ გარემოების გამო თქვა სუეცის არხში შესვლაზე უარი, რადგან მისი წყალქვეშა სიმაღლე, სიმძიმის გამო, 20 მეტრზე დაბლა იყო დაწეული. ტანკერს 2 მლნ. ბარელი საწვავი ნავთობი გადაჰქონდა, რაც შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე ნედლი ნავთობი.


სუეცის არხის გარდა, ალტერნატიულ საშუალებას ეგვიპტის ნავთობსადენის გამოყენება წარმოადგენს, მაგრამ აღნიშნული მძიმე ნავთობისთვის არ გამოიყენება და მას მხოლოდ მსუბუქი ან ნახევრად მსუბუქი ნედლი ნავთობის გატარება შეუძლია.


ის მძიმე საწვავი ნავთობი, რომლითაც Grace 1 იყო დატვირთული, გემებისთვის ან თბოელექტროსადგურებისთვის გამოიყენება.


ხომალდის დაკავებისთანავე ირანის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა და დიდ ბრიტანეთს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


ევროკავშირის მიერ, სირიის რეჟიმის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციები 2011 წლიდან მოქმედებს, შესაბამისად არცერთ ევროპულ სახელმწიფოს პროტესტი არ გამოუხატავს მომხდარი ფაქტის გამო და უსიტყვოდ დაეთანხმნენ გაერთიანებული სამეფოს მკაცრ ნაბიჯს.


თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი ცდილობს ზეწოლა განახორციელოს ევროკავშირზე და ამერიკული სანქციების საპასუხოდ, სავაჭრო სანდოობა დაანახოს ევროპას. შესაბამისად Grace 1-ის შემთხვევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირისთვის.


ირანი დღემდე ემუქრება ევროპას, რომ იგი დატოვებს 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, თუ ისინი ამერიკული სანქციების წინააღმდეგ, ოფიციალური თეირანის სასარგებლოდ არ წავლენ.


აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მიესალმა ბრიტანეთის მიერ ირანული გემის დაკავებას და მას „შესანიშნავი ამბავი“ უწოდა, იმის პარალელურად, რომ ოფიციალურმა თეირანმა, განხორციელებული „არალეგალური დაკავება“ დაუყონებლივ დაგმო.


მომხდარ ფაქტს აშშ-ის მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ტვიტერით გამოეხმაურა: „შესანიშნავია ამბავია. ბრიტანეთმა ირანული ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი Grace 1 დააკავა, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევით, სირიისკენ მიემართებოდა. ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები კვლავ გავაგრძელებთ თეირანისა და დამასკოს რეჟიმების წინააღმდეგ უკანონო ვაჭრობის აღკვეთას“.



ავტორი: რატი ერისთავი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები