• Ƀ/$

6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.49 მლნ-ს მიაღწია

9 ივლისი 10:37 | ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტები 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 2.49 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 18.24%-ით 384 ათასით აღემატება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1.87 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 ათასი მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.


იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01% ით (57 ათასი მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.


2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 365 ათასი მგზავრი - 130 ათასი მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.


2019 წლის განვლილი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 12 096, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 10 726, ხოლო ჩარტერების 1 370. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 13.32%-ს შეადგენს.


უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11 421.734 ტონა შეადგინა, რაც 216.55 ტონით, შესაბამისად, 1.93%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.


ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში  საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი.  აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით,  რაც პაკისტანი - ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული.


2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: “AIR FRANCE”; “Air Malta”; „SmartLynx Airlines“ (ჩარტერული რეისები) და „Onurair” (ჩარტერული რეისები).


მსგავს თემაზე:

პეკინის ახალი $12.9 მლრდ-იანი აეროპორტი სექტემბერში გაიხსნება


უცხოელი ტურისტები აეროპორტში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან



სხვა სიახლეები