• Ƀ/$

სომხეთი – საკომუნიკაციო არხი ირანსა და დასავლეთს შორის

10 ივლისი 17:11 | ანალიტიკა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, სომხურ-ირანული ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე დასასწრებად თეირანში ვიზიტით მყოფი სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი მიიღო.

მხარეებმა შეხვედრაზე, ეკონომიკური საკითხების გარდა, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენებიც მიმოიხილეს.


რუჰანის განცხადებით, მისი ხელისუფლება მზადაა ერევანთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს და გააღრმაოს.


„ირანელი ხალხის კავშირი სომხეთთან ყოველთვის იყო მეგობრული და ჩვენ გვსურს, რომ აღნიშნული კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს“, - თქვა პრეზიდენტმა.


რუჰანის თქმით, თეირანი ყოველთვის ისწრაფვის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდეს მოსაზღვრე ქვეყნებთან და მათ შორის გამონაკლისი არც სომხეთია. შესაბამისად, მისივე აზრით, მნიშვნელოვანია იმ ერთობლივი პროექტების რეალიზების დაჩქარება, რომელიც ორმხრივ კავშირებს კიდევ უფრო განავითარებს.


პრეზიდენტის შეფასებით, ირან-სომხეთს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროებს ენერგეტიკა და ენერგორესურსები წარმოადგენს.


„ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი გეგმებისა და პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, ელექტროენერგიის და ტრანსპორტის სფეროში“, - განაცხადა რუჰანიმ.


აქვე იგი მდინარე არაქსს შეეხო და ორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მდინარე უწოდა: „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მოსახლეობა არაქსს, როგორ სოფლის მეურნეობის მოხმარებისთვის საჭირო რესურსს, ისე იყენებს, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება“.


გარდა ამისა, ირანის პრეზიდენტმა საუბარში საქართველოც ახსენა და თქვა, რომ მათ სურთ სპარსეთისა და ომანის ყურეების შავ ზღვასთან დაკავშირება. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად საჭიროა ირან-სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.


რუჰანიმ გრიგორიანთან საუბრის დროს გაიხსენა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ირანის პარლამენტმა, „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან“ თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დროებით შეთანხმებას გაუკეთა რატიფიცირება და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი წარმაოდგენს კარგ შესაძლებლობას, გაღღმავდეს ურთიერთთანამშრომლობა ირანსა და „ევრაზიული კავშირის“ წევრ სახელმწიფოებს შორის.


დამატებით აღსანიშნავია, რომ ირანის ყურადღების ცენტრში მოქცეული იყო რამდენიმე ხნით ადრე ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.


ზოგადად, სომხურ-ირანული ურთიერთობები გარკვეული სტაბილურობით გამოირჩევა - საინტერესოა, რომ ყარაბაღის საკითხზე შემდგარი ნებისმიერი მოლაპარაკებების შემდეგ, ოფიციალური ერევანი და თეირანი ყოველთვის შეხვედრებს მართავენ, რომლის დროსაც სომხური მხარე ირანელებს არსებულ სიტუაციას აცნობს, სადაც ცდილობს მის დაინტერესებას ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სომხეთის ინტერესებთან არის ჰარმონიზებული.


ირანის ინტერესს და როლს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებიც არ ეწინააღმდეგებიან, რადგან ერევანი შესაძლოა თეირანთან საკომუნიკაციო ერთ-ერთ არხს წარმოადგენდეს.


თავის მხრივ, ირანი აღნიშნული კონფლიქტის სტატუს-ქვოს შენარჩუნებით არის დაინტერესებული.


აქვე არ შეიძლება თვალთახედვის არედან გაქრეს უკანასკნელ პერიოდში ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები და შესაბამისად ვაშინგტონში გამართული შეხვედრა ამ კონტექსტში ოფიციალური თეირანის ინტერესსაც წარმოადგენდა.


სომხეთის მნიშვნელობა ამ კუთხით საკმაოდ სპეციფიურია. იგი ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას ირანთან და აქვს პოზიტიური კავშირები აშშ-სთან, შესაბამისად იგი გარკვეულწილად, საკომუნიკაციო არხის ფუნქციის მორგებას ცდილობს.


ავტორი: რატი ერისთავი  #მედიალაბორატორია


მსგავს თემაზე:

სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივას ირანში ეძებს



სხვა სიახლეები