• Ƀ/$

პრემიერი: რეგიონს უფრო მეტი წარმატების ისტორია სჭირდება

11 ივლისი 13:39 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადბეით, რეგიონს წარმატების კიდევ უფრო დიდი ისტორია სჭირდება.

ამის შესახებ ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"ვამაყობ იმით, რომ საქართველო ითვლება აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად, მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა უნდა გავიღოთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დასაახლოვებლად", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა და დაფასება იქნება გრძელვადიან ჭრილში რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ტრანსფორმაციის კატალიზატორი.


"ამ მიზნით კი ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო აქტიურ ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროკავშირიც მომავალშიც მხარს დაუჭერს პრინციპს "მეტი მეტისთვის", რისთვისაც შემოგვთავაზებს კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას ერთიანი ციფრული ბაზრის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლების და სხვა სფეროებში, ასევე შექმნის მობილობის მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10–წლიან იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.


საქართველოში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები შეიკრიბნენ.


საქართველოში იყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.


კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.


ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს სქართველოს მთავრობა გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე - შინაარსით


მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას“, იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საფინანსო შეთანხმებებს.


კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


ასევე ცალკეულ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის, ჩეხეთის, სერბეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


სხვა სიახლეები