• Ƀ/$

ანაკლიის პორტი – ევროპელი და აზიელი ბიზნესმენების დამაკავშირებელი ჰაბი

12 ივლისი 12:41 | ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ტრანსევროპული პროექტი, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი და აზიელი ბიზნესმენებისთვის, რომ ისინი დაუკავშირდნენ ერთმანეთს, საქართველოს გავლით და საქართველოს მეშვეობით.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე "მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირების თემაზე" განაცხადა.


როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტთან, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას.


მისი თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო კონსორციუმს და კერძო ბიზნესს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში და რომ ეს  მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.


"ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ საუკეთესო გარემო და საფუძველი შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორცილებაში, ეს რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,  დარწმუნებული ვარ რომ კერძო ინვესტორები და ყველა დაინტერესებული მხარე გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეარბილებენ და გაანეიტრალებენ ამ რისკებს.  სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ  სახარბიელო საფუძველი შეუქმნას ამ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია 11 ივლისს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10–წლიან იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია დღეს, 12 ივლისს დასრულდება.


საქართველოში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები შეიკრიბნენ.


საქართველოში იყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.


კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.


ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს სქართველოს მთავრობა გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე - შინაარსით


მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას“, იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საფინანსო შეთანხმებებს.


კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


ასევე ცალკეულ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის, ჩეხეთის, სერბეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


სხვა სიახლეები