• Ƀ/$

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

16 ივლისი 17:51 | ეკონომიკა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.

ოკაცეს ჩანჩქერი


ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს.


ოკაცეს ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქარების კასკადია. პირველის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.


განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან - პრომეთეს მღვიმედან და მარტვილის კანიონიდან, დაახლოებით თანაბარ მანძილზე - 20 კილომეტრში მდებარეობს.


ოკაცეს კანიონი შესანიშნავი ადგილია ახალი თავგადასავლების მოსაწყობად, შვებულების დროს. ასე რომ, ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ პარკებს და აღმოაჩინეთ ოკაცეს ჩანჩქარი!


მტირალას ეროვნული პარკი


მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა  მოქცეული. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი - სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს  (ჩაქვიდან 15 კმ-ში) .


მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე დასრიალება შეუძლიათ.


ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზრდილებისთვის.


მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.


ნავენახევის მღვიმე


ნავენახევის მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევის მიდამოებში მდებარეობს.


ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ის შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.  მეორე სართული მოკლე საფეხურებით ვრცელ დარბაზს უკავშირდება, რომლის ჭერის სიმაღლე 15 მ-ს აღემატება. მღვიმის სიგრძე 210 მეტრია და 4 დარბაზისაგან შედგება. მღვიმე პირველად გამოკვლეული იქნა პროფესორ ლ. მარუაშვილის მიერ გასული საუკუნის 30-იან წლებში, 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებებმა - დებმა ხუჯაძეებმა მღვიმის არსებობის შესახებ პირველებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია პრესაში. 2007  წელს მღვიმეს მიენიჭა ბუნების ძეგლის სტატუსი.


ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლზე შესაძლებელია შემდეგი ტურების ორგანიზება:


•             სპელეოტური;


•             ტურები ფოტომოყვარულთათვის;


•             ღია გაკვეთილის ჩატარება საგანმანათლებლო მოედანზე;


 


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. მღვიმის დასათვალიერებლად მისული ვიზიტორები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ.


ადგილზე მოწყობილია:


•             ვიზიტორთა ცენტრი


•             ამფითეატრი


•             კაფეტერია


•             სუვენირების მაღაზია


•             საგანმანათლებლო სივრცე


•             საბავშვო გასართობი სივრცე


იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია შეიქმნა 2011 წელს. შექმნის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონში არსებული პალეონტოლოგიური, სპელეოლოგიური, გეოლოგიური და ბოტანიკური ხასიათის ბუნების ძეგლების არსებობა.


დღესდღეობით იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს 1 ნაკრძალს, 1 აღკვეთილსა და 17 ბუნების ძეგლს.



მსგავს თემაზე:

დაცული ტერიტორიები, რომლებსაც ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობენ



სხვა სიახლეები