• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

23 ივლისი 12:17 | ეკონომიკა

6 თვიანი ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და 2022 წლისთვის მისაღწევ მიზნებზე ისაუბრა.

რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი ციფრია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.


„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2019 წლისთვის.  ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა დაკავშირებული ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლდათ რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს გვავს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება შეძლო ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.


პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა ჩვენს რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, ეს არის სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავს თემაზე:

კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება


ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა



სხვა სიახლეები