• Ƀ/$

11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები

8 აგვისტო 02:47 | ანალიტიკა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. მტელი ამ ხნის განმავლობაში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრიდან ადამიანების გატაცებები, რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულად სრულდება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოსკოვმა საქართველოში ფრონტი სამი მიმართულებით გახსნა. 1994 წლის დამდეგისთვის ლეგიტიმური ხელისუფლება უკვე დამხობილი იყო პირველი პრეზიდენტი დევნილობაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, მაღალი ალბათობით მოკლული, თბილისს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დიდ ნაწილზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული. ამ ყველაფერს ომებში 25 000 მოკლული, 300 000 დევნილი და ეკონომიკის 3/4-ით შემცირებაც ემატებოდა. საქართველო სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, სადაც სიღატაკე, სიცივე, სიბნელე და ანარქია სუფევდა.


1995 წლიდან ქვეყანამ ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო განვითარება, 1996 და 2003 წლებში ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელსაც მიაღწია.


ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მმართველობის პირველ ვადაში, განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდა. კორუფციაში ჩაფლული ქაღალდზე არსებული ინსტიტუციები რეალობად ჩამოყალიბდა. თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა კორუფცია. გაიზარდა არმიის ბრძოლისუნარიანობა. საფუძველი ჩაეყარა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს... ყოველივე ამას თან სდევდა რუსეთთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება.


2004 წელს ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი არ შემდგარა არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში. სააკაშვილი პირველი მოსკოვს ეწვია. ვიზიტიდან რამდენიმე თვეში ცხინვალის რეგიონში ვითარება დაიძაბა. რუსული ე.წ. სამშვიდობოებისა და დამატებით არსებული არაფორმალური ძალების მხარდაჭერით აგვისტოში ქართული სოფლები პრაქტიკულად ყოვეღამე იცხრილებოდა. იყო ყუმბარმტყორცნების გამოყენების შემთხვევებიც. მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა მაშინ ქართულმა მხარემ შსს-ს ქვედანაყოფის 16 თანამშრომელიც დაკარგა.


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2006 წლიდან დაიძაბა. რუსეთმა ჯერ შუა იანვარში მაგისტრალური გაზსადენი ააფეთქა, შემდეგ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს დაადო ემბარგო ბოლოს კი საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე ეთნიკური ნიშნით დააკავა და თბილისში საბარგო თვითმფრინავით გამოგზავნა. აღნიშნულ საქმეზე სტარასბურგის სასამართლომ 2019 წლის იანვარში რუსეთს კონპენსაციის სახით €10 მლნ-ს გადახდა დააკისრა, მაგრამ რუსეთმა საკუთარ ტრადიციებს არ უღალატა და ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.



2008 წლის აგვისტოში, ქართული სოფლების დაბომბვის ინტენსიობამ უპრეცედენტო მასთაბებს მიაღწია. ყოველ ასეთ დაბომბვას თან ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ საპასუხო ცეცხლის შეწყვეტის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც უკურეაქცია მოჰყვა. ხელახალი ცეცხლის გახსნის ბრძანებას მოსკოვმა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებით უპასუხა.


პარადოქსია, მაგრამ დღესაც, 11 წლის შემდეგაც კვლავ ისმება 2 კითხავა: 1) ვინ დაიწყო ომი? 2) ვის მხარეს იყო სიმართლე ომში? საქართველოს კონსტიტუციის 1-ელი მუხლის მიხედვით ქვეყნის ტერიტორია 1991 წლის 21 დეკმებრსი მდგომარეობით. ამ ფაქტს აღიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება და აღიარებდა თავად რუსეთიც 2008 წლის 26 აგვისტომდე. საქართელოს არც ერთ ჯარისკაცს სახელმწიფო საზღვარი 1 ნაბიჯითაც არ გადაუკვეთავს, სხვა სახელმწიფოს მიწაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა. შესაბამისად საქართველო ომს ვერ დაიწყებდა. ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ქართულმა მხარემ 2000 ოსი ეროვნების ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც ეთნიკური ნიშნით დახვრიტა, უბრალოდ მტკნარი სიცრუე იყო. ეთნიკური ნიშნით მხოლოდ ქართველები დახოცეს და გამოდევნეს. თბილისს სამხედრო დანაშაულიც რომ ჩაედინა, საპასუხო რეაქციაზე გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა იყო საჭირო. თუ რუსეთი მართლაც „მშვიდობიან ოს ხალხს იცავდა“ მაშინ რა შუაში იყო კოდორის ხოება რომელიც ცხინვალიდან საჰაერო გზით 220 და საავტომობილო გზით 400 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა? რატომ დაიბომბა გორისა და სენაკის საცხოვრებელი კორპუსები? იმის მტკიცება რომ ამ კორპუსებიდან ადგილობრივი მოსახლეობა ოსების გენოციდს აწარმოებდა წესით რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასაც უნდა გაუჭირდეს. ლოგიკის ყველა კანონის დაცვით რაიმე სახის აგრესია არც ბორჯომის ტყეს უნდა გამოეჩინა, მაგრამ რუსულმა თვითმფრინავებმა მაინც დასაჯა ის რა დროსაც 1100 ჰექტარი გადაიწვა. ბოლოს და ბოლოს ქართული მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არმიისა და პოლიციის მსხვერპლს 25%-ით აღემატება. თუ ვინმესთვის ეს ფაქტები მაინც არასაკმარისი მტკიცებულებებია, მათთვის პუტინმა 2012 წელს აღიარა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა გენშტაბმა მასთან შეთანხმებით 2006-2007 წლებში შეიმუშავა.


რუსი სამხედროები არამხოლოდ გასცდნენ უშუალო კონფლიქტის ზონას, სადაც კი შევიდნენ ყველგან მოროდიორობის ფაქტები გამოავლინეს. მიტოვებული ოჯახებიდან გაიტანეს ყველაფერი რისი წაღებაც ფიზიკურად მოახერხეს: ტელევიზორები, სკამები, კონდიციონერები (ზოგ შემთხვევაში მხოლოდ შიდა ბლოკი) და უნიტაზებიც კი. გორის სამხედრო ბაზაზე შესვლისას მათ გაოცება ვერ დამალეს და საკუთარი ყაზარმები ბომჟების სადგომს შეადარეს.



საქართველოს შეფერხება ნატოს გზაზე უდაოდ წარმოადგენდა რუსეთის ერთ-ერთ მიზანს, მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ მოსკოვისთვის საქართველო კვლავ მისი ყოფილი კოლონია "გრუზიაა" რომელიც არ უნდა განვითარდეს. საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად პირველად 2002 წელს პრაღის სამიტზე გამოხატა, პუტჩი და აფხაზეთის ომი ამ დროისთვის უკვე ჩავლილია.


12 აგვისტოს საფრანგეთის შუამდგომლობით ორ ქვეყანას შორის 6 პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მხარეებს საომარი კამპანიის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასაც ავალდებულებდა. რუსეთმა ეს თავისივე ხელმოწერილი შეთანხმებაც უგულებელყო და ორ კვირაში ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებობა აღიარა.



11 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის ჩათვლით მხოლოდ შვიდმა სახელმწიფომ აღიარა, საიდანაც ორმა აღიარება უკანვე წაიღო. ეს ქვეყნებია:


1) რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტო;


2) ნიკარაგუა 2008 წლის 5 სექტემბერი;


3) ვენესუელა 2008 წლის 10 სექტემბერი;


4) ნაურუ 2008 წლის 15 დეკემბერი;


5) სირია 2018 წლის 29 მაისი.


ტერიტორიული დანაკარგის, მსხვერპლისა და დევნილთა ახალი ნაკადის გარდა დარტყმა საქართველოს ეკონომიკამაც განიცადა. მსოფლიოში უკვე დაწყებული კრიზისის მიუხედავად მშპ-ის ზრდამ პირველ 2 კვარტალში შესაბამისად 11 და 8.4 პროცენტს მიაღწია, მესამე კვარტალში კი 5.6%-ით შემცირდა. 1996-2007 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს სულ 3-ჯერ ჰქონდა, ვარდნა არც ერთხელ, ამის საპირისპიროდ 2008-2017 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღარ დაფიქსირებულა, სამაგიეროდ, 2009 წელს 3.7%-ით შემცირდა. როცა დედაქალაქიდან 40 კმ-ში საოკუპაციო ჯარი დგას, ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ. 


2008 წელს საქართველოში შემოჭრისთვის რუსეთს პასუხი არ უგია, რამაც 6 წლის შემდეგ უკრაინაში შეჭრას დამატებითი ბიძგი მისცა, სადაც მსხვერპლმა 13 000-ს გადააჭარბა. ყირიმი დღემდე ანექსირებულია, დონბასი კი ოკუპირებული. ყოველგვარი ეჭვი, იმის შესახებ რომ საქართველოს 2008 წლის ომის თავიდან არიდება შეეძლო უკრაინაში შეჭრამ გაფანტა.


ომის შემდეგ ცხონვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმმა დავით ბაშარაული და არჩილ ტატუნაშვილი იმსხვერპლა, აფაზეთში კი ოკუპანტებს გიგა ოთხოზორია და ირაკლი კვარაცხელია ემსხვერპლენ. სია არასრულია. მცოცავი ოკუპაცია ყოველწლიურად ახალ-ახალ მიწის ნაკვეთებს და ეზოებს მავთულხლართებს მიღმა აქცევს. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ ჟონჟოლზე, მაყვალზე და სოკოზე მიმავალ უაიარაღო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს.



ადამიანთა ნაწილს 2008 წლის შემდეგაც კი სჯერა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებითა და ნატოზე უარის თქმით კონფლიქტი დარეგულირდება. მაშინ როცა უკანასკნელი 300 წლიანი ისტორია აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებს:


1) 1722 წელი პეტრე I ვახტანგ VI-ს დახმარებად დაპირდა, მაგრამ ომის დაწყების წინა ოსმალეთთან პირისპირ შეატოვა


2) 1770 წელი ტოტლებენი ასპინძის ომიდან გაიქცა


3) 1795 წელი გეორგიევსკის ტრაქტქტის მიუხედავად კრწანისის ომში რუსეთი საქართველოს არ დახმარებია


4) 1801 წელი ანექსია


5) 1811 წელი ავტოკეფალიის გაუქმება


6) 1921 წელი ხელახალი ოკუპაცია, 9.5 თვით ადრე 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო


7) 1992 წლის 24 ივნისის სოჭის იგივე დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს


8) 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1 ოქტომებრს გაგრა დაეცა


9) 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა


10) 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფილქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა დღემდე არ სრულდება.


მსგავს თემაზე:

კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას? (ნაწილი II)



სხვა სიახლეები