• Ƀ/$

ტრანს–კასპიური გაზსადენის მშენებლობას ჩინეთმა მხარი დაუჭირა

17 აგვისტო 21:17 | ეკონომიკა

ჩინეთმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს ტრანს–კასპიური გაზსადენის მშენებლობას, რომელიც თურქმენულ და ყაზახურ ბუნებრივ აირს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროკავშირს მიაწვდის.

აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az წერს, რომ კომპანიის კონსორციუმმა, ევროკავშირმა და ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის რეალიზაციისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის იმ ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც კასპიის ზღვას ესაზღვრებიან.


წყალქვეშა გაზსადენის პროექტი მილების გაყვანას ზღვის ფსკერზე თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქომდე ითვალისწინებს. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია ყაზახეთის გაზის საბადოების მიერთებაც აღნიშნულ მილსადენზე. შესაბამისად, პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, თურქმენული და ყაზახური ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით მოხვდება ევროკავშირში. ტრანს–კასპიური გაზსადენი პერსპექტივაში გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების ნაწილადაც მოიაზრება.


აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში, ეკოლოგიის დაცვის მოტივებით რუსეთისა და ირანის მთავრობებმა მიუღებლად მიიჩნიეს ტრანს–კასპიური გაზსადენის მშენებლობა.



ევროპული და ჩინური კომპანიების კონსორციუმმა, რომელშიც შედიან Edison Technologies GmbH, MMEC Mannesmann GmbH, Air Liquide Global E&C Solutions (ევროკავშირი) და SINOPEC Engineering Group (ჩინეთი), კასპიის ზღვის ფსკერზე 300 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის სურვილი გამოთქვეს. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე ყოველწლიურად 30 მლრდ კბ/მ გაზის გატარებას ითვალისწინებს 30 წლის განმავლობაში.


ამის შესახებ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ნავთობისა და გაზის საკითხებში მირატგელდი მერედოვთან კონსორციუმის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადეს.


მილსადენის მშენებლობის გარდა, კონსორციუმი სრული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს, რაც გაზის გამწმენდი ქარხნების და სატუმბი სადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, კომპანიები გაზის საბადოებზე ახალ ჭაბურღილებსაც გათხრიან.


აღნიშნული გაზსადენით მიწოდებული ბუნებრივი რესურსის ძირითადი მომხმარებელი ევროკავშირი იქნება, რომელიც დიდი ხანია გაზის იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობს, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე.


მსგავს თემაზე:

კრემლი კასპიის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პირობას ასახელებს


შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა



სხვა სიახლეები