• Ƀ/$

28 წელი ყველაზე წარმატებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ესტონეთის დამოუკიდებლობიდან

20 აგვისტო 16:47 | ანალიტიკა

20 აგვისტო ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 28 წელიწადში ყოფილმა კოლონიამ, ყოფილ მეტროპოლიას 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით 32%-ით გაუსწრო. 

XX საუკუნეში ბალტიის ქვეყნების ბედი 1939 წელს დადებულმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გადაწყვიტა. შეთანხმების საიდუმლო მუხლებით საბჭოთა კავშირმა და მესამე რაიხმა ევროპა შუაზე გაიყვეს. ლიეტვუა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისთვის შემადგენლობაში გადასვლისთვის გაიწირა. 1940 წელს სამივე რესპუბლიკაში საბჭოთა დიქტატურა დამყარდა და რეპრესიებიც მომენტალურად დაიწყო. 1 მლნ-იან ესტონეთში 100 ათასი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 10% დახვრიტეს ან ციმბირში გადაასახლეს. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან, ინტელექტუალებთან და უბრალო მოსახლეობასთან ერთად რეპრესიებს ემსხვერპლა თითქმის ყველა ადგილობრივი კომუნისტი, ის ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე თვით ადრე საუკუპაციო ჯარს ტაშითა და დროშის ფრიალით ხვდებოდა.


საბჭოთა ოკუპაცია მალე გერმანულმა ოკუპაციამ ჩაანაცვლა, თუმცა ტალინში 4 წლის შემდეგ ისევ წითელი ჩექმა დაბრუნდა რასაც ხელახალი რეპრესიები მოჰყვა. მთლიანობაში სულ რაღაც 9 წელიწადში 1940-1949 წლებში ესტონეთმა მოსახლეობის 20% დაკარგა.


ესტონეთს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია. ბოლო პარტიზანი 1978 წელს მოკლეს. 80-იან წლებში კი ლიეტვუასთან, ლატვიასთან და საქართველოსთან ერთად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 15-დან სწორედ ამ 4-მა რესპუბლიკამ თქვა უარი დსთ-ში გაწევრიანებაზე, თუმცა მოგვიანებით, პუტჩისა და აფხაზეთის ომის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში საქართველო მაინც დათანხმდა დსთ-ში გაწევრიანებას.


დღეს ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავსირის რესპუბლიკებიდან ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა. მშპ 1 სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით $35 750-ს შეადგენს, რაც რუსეთის მაჩვენებელს 32%-ით, საქართველოს მაჩვენებელს კი 213%-ით აღემატება. ამ მხრივ ესტონეთი პორტუგალიას, პოლონეთს, უნგრეთსა და საბერძნეთსაც უსწრებს.



ადამიანური განვითარებს ინდექსით ესტონეთი 30-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით ის რუსეთ 19 და საქართველოს 40 ადგილით უსწრებს.


თუ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 73, ხოლო რუსეთში კიდევ უფრო ნაკლები 72 წელია, ესტონეთში ის 78 წელს აღწევს.


ესტონეთის ექსპორტი $14 მლრდ-ს აღემატება, რაც საქართველოს მაჩენებელზე 320%-ით მეტია.


ესტონეთია ასევე ლიდერი განათლების სისტემასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხშიც. 2003 წელს Skype სწპორედ ესტონეთში შექმნეს.


საქართველოს მსგავსად ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არც ესტონეთი გამოირჩევა, უფრო მეტიც მას საქართველოს დონის ტურისტული პოტენციალის ნახევარიც არ გააჩნია. საქართველოს მსგავსად ესტონეთს ყველაზე დიდი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან გააჩნია. მისი ფართობი საქართველოს ფართობზე 35%-ით ნაკლებია, ხოლო მოსახლეობა 2.8-ჯერ ნაკლები - 1.325 მლნ, რაც თბილისის რეალურ მოსახლეობაზე ნაკლებია და ამ მოსახლეობის 25% ეთნიკურად რუსია.


2004 წლიდან ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიის მსგავსად ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ამ უკანასკნელი მიზეზის გამო რუსეთი „საკუთარი მოქალაქეების დაცვას“ ისეთივე ენთუზიზამით ვერ ახერხებს როგორც საქართველოსა და უკრაინაში.


მსგავს თემაზე:

ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა


ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


ესტონეთსა და ლატვიაში რუსული ელენერგია დაიბეგრება


ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო



სხვა სიახლეები