• Ƀ/$

ანაკლია - წარსულიდან მომავლისკენ

ექსკლუზივი
27 აგვისტო 23:01 | ანალიტიკა

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ანაკლია, ზღვისპირა სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯერ კიდევ XV-XVII საუკუნეებში ისტორიული ოდიშის სამთავროს უმნიშვნელოვანესი პორტი იყო და ტრაპიზონთან და კონსტანტინოპოლთან აწარმოებდა ვაჭრობას.

მრავალჯერ თქმულა, რომ ისტორია მეორდება.


გავიდა 5 საუკუნე და დღევანდელ საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ანაკლიის სახელი კვლავ უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. პატარა ზღვისპირა სოფლის სახელი დიდი პოლიტიკითა და დიდი ეკონომიკით დაინტერესებულმა საზოგადოებამ უკვე იცის საქართველოს სამეზობლოში, ცენტრალურ აზიაში, ევროპის დედაქალაქებში, ვაშინგტონში, პეკინში, დელიში...


ნათქვამია, რომ მომავლის იდეები ქვემეხებზე მეტად ქუხან მთელი მსოფლიოს გასაგონად. ნათქვამია, რომ მომავალზე გათვლილი აზრი შეიარაღებულ არმიაზე ძლიერია. ნათქვამია, რომ პრინციპებს უფრო მეტი გამარჯვება აქვთ მოპოვებული, ვიდრე კბილებამდე შეიარაღებულ კავალერიებს და მით-უმეტეს წარსულს ჩაჭიდებულ და ნებისმიერი პროგრესის მტერ, რეტროგრად ბიუროკრატებს და მათთან გადაჯაჭვულ ბიზნეს-ელიტებს....


მსოფლიოს ისტორიის საბოლოო და გარდაუვალი შედეგი გეოგრაფიაა. ბონაპარტის ეს გამონათქვამი განსაკუთრებით ესადაგება საქართველოს. ასახავს ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. უნიკალური და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ყოველთვის განსაზღვრავდა ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებასა და მარცხს, წარმატებას და წარუმატებლობას. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზედ გადაკვეთაზე მოთავსებული პატარა ქართული სახელმწიფო ერთდროულად ბუნებრივი სავაჭრო და პოლიტიკური კვანძიც იყო და ბუნებრივი ფანჯარაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.


სწორედ ამ ბუნებრივი ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობის გამო, 21-საუკუნეში დაიბადა და ხორციელდება ანაკლიის პორტის, სპეციალური ეკონომიკური ზონის და მომავლის ქალაქის იდეა...


სიტყვა ბუნებრივი ვახსენეთ. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ძირითადად თავთხელი წყლით ხასიათდება. რუსეთის ფედერაციის მიერ “უნიკალური” ყირიმის ხიდის  მშენებლობის შემდეგ, ხიდის, რომელიც კი არ აკავშირებს, არამედ ზღუდავს ურთიერთობებს,  ჩაიხერგა საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვები აზოვის ზღვიდან, ვინაიდან დიდ გემებს ხიდის ქვეშ გავლა უბრალოდ არ შეუძლიათ. შესაბამისად და ბუნებრივად გაჩნდა სრულფასოვანი ალტერნატივის იდეაც - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ერთადერთი არარუსული, არაჩინური, არაამერიკული, არამედ ქართული პორტი, რომელიც ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთით დიდ, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს. ანაკლიის 20 მეტრის სიღრმის პორტი უმნიშვნელოვანესი, ყველასათვის ხელსაყრელი საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გზას გაუხსნის საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონს, თურქეთს, ცენტრალურ აზიას, ირანს, ჩინეთს, ინდოეთს... და ეს იქნება მართლაც რომ ბოლო კარიბჭე ევროპისაკენ მიმავალ გზაზე აღმოსავლეთიდან დაძრული ტვირთებისათვის. ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, წონა, სტრატეგიული დანიშნულბა და მისია. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი პარტნიორი გახდება მეზობლებისათვის, განსაკუთრებით აზერბაიჯანის, შუა აზიის სახელმწიფოებისათვის, და თურქეთისათვის, მთლიანად რეგიონისათვის.


„ანაკლიის პორტის” მშენებლობას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საგანგებო ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ვაშინგტონში. ანაკლიის ადგილმდებარეობა, სამომავლო რესურსები და ეკონომიკურ-პოლიტიკური პერსპექტივა ზუსტად მიესადაგება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო და ეკონომიკურ ინტერესებს და თანაც ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მხოლოდ დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესი. საუბარი აქ გლობალურ და მომავალზე დაფუძნებულ, მუდმივ დაინტერესებაზეა.  ვაშინგტონში საწყის ეტაპზევე მიხვდნენ ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ბუნებრივია და იმედია, რომ ამერიკელების მკაფიო გზავნილს მშვენივრად გაითავისებენ როგორც რეგიონული და გლობალური მოთამაშეები, ასევე რეგიონული პოლიტიკური წრეებიც და მათთან დაკავშირებული ბიზნეს-ინტერესები.


ერთი რამ ფაქტია - თუკი ყურადღებით დავაკვირდებით ჩრდილო ატლანტიკის, ადრიატიკის, შავი ზღვის საზღვაო-სანაოსნო რუკას, აღმოსავლეთ ევროპიდან კარგად ჩანს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტები - ვარნა, კონსტანტა, ოდესა... მოპირდაპირე მხარეს კი ასეთი მხოლოდ ერთადერთი პორტი იქნება - ანაკლია.


დღევანდელ საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითარებით განსაზღვრული შიდა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საქართველომ კარგად იცის, რომ ცხოვრება და ნორმალური არსებობა „იმპერიებს შორის მიწაზე“ შეზღუდულ არჩევანს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის და ქალაქის იდეაც და მისი ხორცშესხმაც. უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ „შეზღუდული არჩევანის“ მოცემულობაში გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ქვეყნის შიგნით პოზიტიური და ყველასათვის საინტერესო და მიმზიდველი აკუმულირება სამომავლო პოლიტიკური და ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობის სოლიდური გარანტიაა...


შთამბეჭდავია ეკონომიკური გათვლებიც - დღევანდელი ინფორმაციით ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. მშენებლობის პირველ სამ ეტაპზე (12 წლიანი პერიოდი) ნავარაუდევია 40 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს 32 ნავმისადგომის აგებას, პორტი 3000 ჰექტარზე მეტ ფართობს დაიკავებს...


და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ანაკლია აფხაზეთს ესაზღვრება - რატომ არ უნდა გახდეს ანაკლიის პორტი ის ადგილი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი დასაქმდება. საბოლოო ჯამში ანაკლიის პორტის მთავარი მიზანი მომავლის ქალაქის აშენებაა. საუბარია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე, რის მამოძრავებელი ძალაც იქნება 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიები, სუპერ სტარტაპები, ციფრული კომუნიკაციები და რაც ყველაზე მთავარია, ამაში ჩართული იქნება არა მხოლოდ უშუალოდ პორტში დასაქმებული ადამიანები, არამედ მთლიანად ანაკლიის და საქართველოს მოსახლეობაც. ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტისა და მომავლის ქალაქის იდეა გულისხმობს საქართველოს ერთგვარი მომავლის სახელმწიფოებრივი მოდელის შექმნას, რაც გააერთიანებს ადგილობრივ ინტერესს გლობალურ ტენდენციებთან  ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას და უსაფრთხოების გაძლიერებას ნიშნავს.


პროექტი ანაკლია განვითარებული, მოდერნიზებული საქართველოს იდეაა. იმ საქართველოსი, რომელიც სასარგებლო პარტნიორია რეგიონისთვისაც და გლობალურადაც.


ვიქტორ ჰიუგოს აქვს ნათქვამი - დაშნა შეიძლება გადატეხო, მაგრამ იდეას ვერაფერს დააკლებო. ანაკლიის პორტი საქართველოს მომავალზე გათვლილი იდეაა. იდეა, რომელშიც გადაჯაჭვულია მსოფლიო ეკონომიკის და ვაჭრობის თანამედროვე ტენდენციები, რომლებშიც წინა პლანზე გამოდის ე.წ. „ლოკალიზაციის“ პარამეტრები - ადგილობრივი თუ რეგიონული რესურსების და პოტენციალის ჩართვა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ანაკლია გახლავთ იდეა, რომელიც დღევანდელი მღელვარე მსოფლიოს ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი ინტერესების გადაჯაჭვის ვითარებაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სამომავლო კეთილდღეობასა და სიკეთეს მოემსახურება.


ავტორი: ელჩი თედო ჯაფარიძე, ანაკლიის კონსორციუმის ვიცე–პრეზიდენტი.


სხვა სიახლეები