• Ƀ/$

ინოვაციების სააგენტოს კონკურსში გამარჯვებულები 100 000 ლარიან გრანტს მიიღებენ

2 სექტემბერი 10:36 | ტექნოლოგიები

ტექნოპარკში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. 

ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. ჟიურის წევრები არიან:


ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ ჰაირათმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები ჩადო კომპანიებში, რომლებიც ახორციელებდა მყარი აპარატურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებას. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი,  სპიკერი, მრჩეველი, ლექტორი.


ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).


სტივ ადელმანი - სილიკონ ველი, Nexus Partners-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 20 წელზე მეტია აფასებს და ინვესტირებას ახდენს ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებში, მართავს კორპორაციული მეწარმეობის კაპიტალს Reuters-ში, Novell-სა და Palm-ში. 


რონალდ ვაიზმანი - სილიკონ ველი, Angel Capital Association - ის დირექტორთა საბჭოს წევრი,  Band of Angels - ის თავმჯდომარე, ინვესტიციებსა და აღმასრულებელ მენეჯმენტში 25 წლიანი გამოცდილებით. რონალდმა ინვესტიცია განახორციელა 60 – ზე მეტ კომპანიაში და კონსულტაცია გაუწია 25-ზე მეტ კერძო კომპანიას.


ფრენკ დიბეინი - საფრანგეთი, პარიზი, ESCP Business Angel Network - ისა და  The Family - ის წევრი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ლექტორი პარიზის უნივერსიტეტში და Groupe ESIEA– ს პროფესორი. ფრენკ დიბეინი  განათლებით ინჟინერია.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 3 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 195 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 41 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.


მსგავს თემაზე:

საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ახალი გადასახადი დაუწესა


ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო TOP 50 ქვეყანას შორის მოხვდა



სხვა სიახლეები