• Ƀ/$

სად გაივლის „ანტირუსული საზღვარი“?

18 სექტემბერი 16:38 | ანალიტიკა

ბელარუსმა  და შეერთებულმა შტატებმა, 11-წლიანი „გაყინული“ ურთიერთობების შემდეგ, ელჩების დონეზე ქვეყნებს შორის კავშირების აღდგენა გადაწყვიტეს.

ანალიტიკოსები ვაშინგტონსა და მინსკში ირწმუნებიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში „ანტირუსულ საზღვარს აშენებს“.


„ვაშინგტონში მიიღეს გადაწყვეტილება, ბელარუსთან ელჩების დონეზე დიპლომატიური წარმომადგენლობების აღდგენის შესახებ. ვთვლით, რომ დღეს ისტორიული მომენტია ამერიკულ-ბალარუსულ ურთიერთობებში. მოხარული ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში, როგორც ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯში“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, დევიდ ჰეილიმ, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.


რამდენიმე თვით ადრე ოფიციალურმა მინსკმა მზადყოფნა გამოთქვა, პოზიტიურად გადაწყვეტილიყო დიპლომატიური მისიის სტატუსის საკითხი, მაგრამ აღნიშნულზე ვაშინგტონმა უპასუხა, რომ საკითხის გადასაჭრელად გარკვეული დრო იყო საჭირო.


სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი მინსკს სამშაბათს, 17 სექტემბერს ეწვია.


„გეთანხმებით, რომ ამგვარი მდგომარეობა არაბუნებრივი და არანორმალურია. ჩვენ მოხარულნი ვართ რომ ეს სრულდება. ჩვენ მოხარული ვართ თქვენი ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მეტ მრავალფეროვნებას როგორ შიდა საქმეებში, ასევე გარე სამყაროსთან ურთიერთობებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მიდგომას და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასახმარებლად“ - ციტირებს დევიდ ჰეილის სიტყვებს ბელარუსის მედია.


ჯერჯერობით უცნობია მინსკში ამერიკის მომავალი ელჩის დანიშვნის თარიღი რადგან კანდიდატი აშშ-ის სენატის მიერ უნდა დამტკიცდეს.


დევიდ ჰეილის თქმით, შეერთებული შტატები ბელარუსთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას არა სხვა ქვეყანასთან კონკურენციის გამო, არამედ ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის გამოყენების მიზნით გეგმავს.


„ეს რეგიონი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ყურადღებით ვაკვირდებით უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“ - დაამატა სახელწიფო მდივნის მოადგილემ.


რის გამო „გაიყინა“ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა და რა პრობლემები შეუქმნა აღნიშნულმა რიგით ბელარუსებს


აშშ-მ ბელარუსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა. აღიარებიდან სამი დღის შემდეგ ქვეყნებმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები.


ურთიერთობები 2000-იანი წლების დასაწყისიდან გაუარესდა - შტატები ვარაუდობდა რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო სადამ ჰუსეინის ფულის გათეთრებას და ადგილობრივ დემოკრატიული გარემოს ჩახშობას აქტიურად ახორციელებდა. 2004 წლის ოქტომბრის დასაწყისში, აშშ-მ ლუკაშენკოს და ბელარუსს სანქციები დაუწესა, რადგან მან „დემოკრატიის შესახებ კანონის“ მიღებით თავისუფალი გარემოზე აქტიური ზეწოლა განახორციელა. გარდა ამისა, ამერიკელებს პრეტენზიები ჰქონდათ ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გაუჩინარების გამო, რომელთა ბედი დღემდე არ არის გარკვეული.


2008 წლის მარტში, შეერთებული შტატების მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო კონცერნ „ბელნეფტექიმზე“ დაწესებული სანქციების შემდეგ, ოფიციალურმა მინსკმა დაჟინებით მოითხოვა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება.


ბელარუსის ელჩი აშშ-ში, მიხაილ ხვოტოვი, კონსულტაციების მიზნით გამოიძახეს მინსკში, ხოლო შეერთებული შტატების ელჩმა ბელარუსში, კარენ სტიუარტმა, ოფიციალური მინსკის მოთხოვნით დატოვა დაკავებული თანამდებობა. მას შემდეგ ბელარუსში აშშ-ს მისიას დროებითი წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.


შემცირდა აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური პერსონალი 35-დან 5-მდე; ასევე შემცირდა მოქალაქეების საკონსულო მომსახურებების ჩამონათვალი. ბელარუსის მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ ამერიკული ვიზებისთვის მიემართათ მოსკოვში, ვარშავაში, კიევში და ვილნიუსში მდებარე ამერიკის საელჩოების საკონსულო ოფისებს.


2014 წელს საელჩომ განაახლა ვიზების გაცემა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად სტუდენტებისთვის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეთათვის, 70 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც ადრე ჰქონდა ამერიკული ვიზა.


ახლა, როდესაც სახელმწიფოებმა სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ გამოაცხადეს, მოქალაქეებს აღარ მოუწევთ მინსკიდან სხვა ქვეყნებში გამგზავრება ვიზების მისაღებად.


ანტირუსული რკალი


ანალიტიკოსები რუსეთსა და ბელარუსში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონმა საკმაოდ გაზარდა აქტიურობა, მინსკსა და მოსკოვს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების პრინციპების საპასუხოდ.


ბოლო პერიოდში ბელარუსმა და რუსეთმა ურთიერთობების ფუნდამენტური „დალაგება“ დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის „საგზაო რუკების“ ფორმირების და გაღრმავებული ინტეგრაციის დაწყების შემდეგ აგვისტოში მინსკს ოფიციალური ვიზიტით, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ეწვია. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მსგავსი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი ბელარუსს არ წვევია.


მინსკის შეხვედრების შემდეგ ბოლტონმა განაცხადა, რომ რაიმე გადამწყვეტი შეთანხმება არ მიღწეულა, მაგრამ მხარეები აქტიურად მუშაობენ პროგრესზე.


პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დევიდ ჰეილისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იყოს ნაყოფიერი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში და ამერიკელი სტუმარი „შეაქო“, აშშ-ის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპისთვის მსგავსი ყურადღების გამო. „ამ რთულ დროს, რეგიონის მიმართ თქვენი ინტერესი, გამამხნევებელია“ - განაცხადა ლუკაშენკომ.


„შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს ბელარუსის სუვერენიტეტის გამყარებისკენ მიმართულ ინიციატივებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აქტიურად დაიწყებენ გარკვეული დღისწესრიგის შედგენას ამ მიმართულებით. ისინი ოფიციალურ მინსკს დაეხმარებიან მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლების მიმართვის ან თხოვნის შემთხვევაში“ - აცხადებს ინსტიტუტ „პოლიტიკური სფეროს“ დირექტორი, ანდრეი კაზაკევიჩი.


„მათ კარგად ესმით, რომ ბელარუსი უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო და ჰქონდეს გარკვეული ავტონომია და დისტანცია რუსეთისგან და ამ საკითხში დაუჭერენ მხარს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ არანაირი საფუძველი არსებობს იმის, რომ ამ თემის გარშემო განსაკუთრებით იაქტიურონ. მათთვის ცნობილია რომ ბელარუსი რუსულ ორბიტაზე იმყოფება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და „ელიტა“ პრორუსულია.


აღნიშნული სიტუაცია ძალიან განსხვავდება უკრაინის, საქართველოსა და თუნდაც მოლდოვისგან, სადაც ისინი ნებისმიერი სახის დახმარებას უზრუნველყოფენ ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის გასამყარებლად“ - განმარტა კაზაკევიჩმა ბელარუსულ მედიასთან საუბარში.


სხვა სიახლეები