• Ƀ/$

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პრიორიტეტები გასაჯაროვდა

27 სექტემბერი 14:46 | ანალიტიკა

რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, 2020 წლის ბიუჯეტში, სამართალდამცავი სისტემისა და სახელმწიფო ტელევიზიისთვის ასიგნებებს ზრდის.

„უსაფრთხოებაზე“ ზრუნვა


მთავრობა მომდევნო სამი წლის მანძილზე მეტი თანხების დახარჯვას გეგმავს სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა უსაფრთხოებაზე. თუ 2019 წელს ამ მიზნებისთვის გამოყოფილი იყო 1,39 ტრლნ რუბლი ($21,7 მლრდ), შემდეგ წელს დაფინანსება 1,46 ტრლნ რუბლი ($22,8 მლრდ) იქნება და ხარჯები ყოველწლიურად გაიზრდება.


რამდენიმე მილიარდი რუბლით გაეზარდა ბიუჯეტი საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას. მიმდინარე წელთან შედარებით, მომდევნო წელს შინაგან საქმეთა ორგანოები 21 მლრდ. რუბლით მეტს მიიღებენ. როსგვარდიის დაფინანსება კი 2020-2023 წლებში 10 მლრდ. რუბლით გაიზრდება.


ამ მხრივ ხელისუფლება სამართალდამცავი სისტემისთვის ყოველწლიურად ნელნელა გაზრდის ხარჯებს (ამჟამად, ღია ხაზინის ყოველი მეათე რუბლი და ბიუჯეტის საიდუმლო წილის ხარჯები მიმართულია ამ სფეროზე).


სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსების ზრდა მოსკოვის აქციების ფონზე მიმდინარეობს.


$1 მლრდ. სახელმწიფო „ტელევიზიას“


2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს 20%-ით გაუზრდის დაფინანსებას. ყველაზე დიდ წილს უერთგულესი და კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები მიიღებენ.


ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ხელისუფლება ამ სფეროში 75,5 მლრდ. რუბლის დახარჯვას გეგმავდა, შემდგომ კი დაფინანსების შემცირებას. ახლა კი, 2020 წელს გაცემული ხარჯი 90 მლრდ. რუბლს გადააჭარბებს.


არსებული ინფორმაციით, სრული თანხების 100%-დან Russia Today –RT 27,4%-ს მიიღებს; “სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია“ (The All-Russia State Tevevision and Radio Broadcasting Company - მასში შედის ტელევიზიები: Russia-1, Russia-1 HD, Russia-24, Russia-K, Carousel, RTR-Planeta, Moscow 24; რადიო - Radio Kultura, Radio Mayak, Radio Rossii, Radio Yunost, Vesti FM) 24,2%-ს; რუსეთის „პირველი არხი“ მიიღებს 6,5%-ს; „რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია - OTR” – 3,1%-ს; ტელეარხი „ZVEZDA” კი 2,1%-ს.


თავდაცვის ხარჯები მცირედით იზრდება


თავდაცვის ხარჯების წილი 2020 წელს მშპ-ს 2,4%, ხოლო 2022 წელს 2,6% იქნება. ბიუჯეტის ღია ნაწილში, 2020 წელს, „ეროვნული თავდაცვის“ ხარჯები თითქმის 1,07 ტრლნ. რუბლია, ხოლო 2022 წელს მაჩვენებელი 1,11 ტრლნ. რუბლამდე გაიზრდება.


პენსიის ხარჯები


2020 წელს, პენსიებზე გამოყოფილი თანხები 3,1 ტრლნ. რუბლით განისაზღვრება. რაც ბიუჯეტის გასაჯაროვებული ნაწილის თითქმის 20%-ია, მომდევნო სამი წლის ხარჯები ამ მიმართულებით საერთო ჯამში 9 ტრლნ. რუბლი იქნება.


გასაიდუმლოებული ხარჯები


2020 წლის ბიუჯეტის ღია ნაწილში დეტალურად არის გაწერილი 16,18 ტრლნ. რუბლი. ამავდროულად ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი 19,5 ტრლნ. რუბლს შეადგენს, ნათქვამია კანონპროექტში. ამრიგად 3,32 ტრლნ. რუბლის მომავალი გასაიდუმლოებულია.


2019 წელს, ხაზინის საიდუმლო ასიგნებები, ყველა ხარჯის დაახლოებით 17%-ს შეადგენს.


ზოგადად რუსეთის კანონმდებლობით, საიდუმლო ხარჯები მხოლოდ სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განისაზღვრება.


მასალა მოამზადა რატი ერისთავმა, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები