• Ƀ/$

რატომაა პანიკა კორონავირუსზე ბევრად უარესი?

15 მარტი 15:58 | ანალიტიკა

კორონავირუსმა მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია  და 5900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ის უდაოდ საშიში მოვლენაა, მაგრამ ბევრად უფრო საშიში და დამაზიანებელი პანიკაა. 

ვირუსთან საბრძოლველად ქვეყნებმა სხვადასხვა სახის ღობისძიებებს მიმართეს, ზოგმა ზომაზე ნაკლები, ზოგმა მეტი ზოგმა კი უბრალოდ არასაჭირო და არარელევანტური მეთოდები არჩია. დღევანდელი გათვლებით მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის გამო $2 ტრლნ-ს დაკარგავს, ამ თანხაში პანიკის ხვედრითი წილი უშუალო ვირუსის წილს რამდენჯერმე აღემატება.


ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაიხურება საწარმოები, გაიზრდება უმუშევრობა, კრიმინალი, ადამიანები მიიღებენ სტრესს, მათი ნაწილი ვეღარ შეძლებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას ნაწილისთვის კი დადგება გამოკვების პრობლემა. საერთო ჯამში ეკონომიკური ვარდნა ბევრად მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება, ვიდრე უშუალოდ ვირუსი, თუმცა ამ ფაქტს გაგების შემთხვევაშიც კი ადამიანთა უმრავლესობა ყურადღებას არ მიაქცევს.


არათუ 5900, ერთი ადამიანის სიცოცხლეც უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ 100 000 ადამიანის სიკვდილი წესით უფრო დიდი ტრაგედია უნდა იყოს, მიმდინარე წლის 2.5 თვეში სწორედ 100 000 ადამიანი დაიღუპა სეზონური გრიპით, 200 000 - მალარიით, 275 000 ავტოავარიით, 340 000 - შიდსით, 1 000 000 მოწევით, 1 500 000 შიმშილით, 1 700 000 სიმსივნით.


საქართველოში, სადაც 30 დაინფიცირებულიდან 2 უკვე გამოჯანმრთელდა, ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. თუმცა ფრენებთან ერთად სხვა ბევრი ვირუსის გავრცელებისთვის ნაკლებსასხიფათო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. სამთავრობო პროგრამა მათი ნაწილის სუბსიდირებას ითვალისწინებს, რაც შესაძლოა კარგია, იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემების გადალახვის შემდეგ ბიზნესი კი არ დაიხურება მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სუბსიდია გადასახადის გადამხდელთა ფულია, რომელსაც მდიდარიც იხდის და გაჭირვებულიც.


ბოლო დღეებში ირაციონალური შიშის გამო მაღაზიებში საგრძნობლად გაიზარდა რიგები. ეს მაშინ როცა: 1) მალფუჭებადი ტვირთების გარდა იმპორტიორს პროდუქტი ყოველთვის რამდენიმე თვის მარაგი შემოაქვს; 2) შეზღუდვები საზღვრებზე ადამიანებისთვის დაწესდა და არა ტვირთებისთვის.


საინტერესოა, მორალურად რომელი უფრო გაუმართლებელია, მეწარმის საქციელი, რომელიც საბაზრო წესებს ემორჩილება და მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში ფასს ზრდის თუ იმ პირის ვინც რიგში მოხუცს ან ორსულს გადაუვლის? ალბათ მეორე. ან რამდენადაა მორალური 5 ტომარა შაქრისა და 40 ბოთლი ზეთის ყიდვა და იმაზე არდაფიქრება, რომ შეიძლება მის მეზობელს ჩაიში ჩასაყრელი შაქარი და კარტოფილის შესაწვავი ზეთი აღარ დარჩეს, ან გაზრდილი ფასის გამო ვეღარ იყიდოს. მორალურური ჩარჩოების გარდა საბარგულის გამავსებელი ადამიანის ქცევა აბსოლუტურად ირაციონალურია, სანამ ის ნაყიდი პროდუქტის ნახევარს გახარჯავს, დარჩენილ მეორე ნახევარს ვადა გაუვა.


ნებისმიერი დაავადება და მათ შორის კორონავირუსი, იმ ადამიანზე მოქმედებს უფრო მეტად ვისაც დაბალი იმუნიტეტი აქვს. შიში იმუნიტეტს აქვეითებს, ისევე როგორც სტრესი, რომელსაც ადამიანთა დიდი ნაწილი მომაბეზრებელ რიგში დგომისას იღებს. გარდა ამისა მჭიდრო რიგში დიდი ხნით დგომა ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.


კორონავირუსი მალე გადაივლის და მისი მიზეზით დაინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების დეტალური სტატისტიკა ცნობილი გახდება, თუმცა რამდენს შეიწირავს ვირუსი ირიბად ის მხოლოდ დაშვების დონეზე მეტ-ნაკლები სიზუსტით იქნება ცნობილი.


მსგავს თემაზე:

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა


$2 ტრლნ-იანი ზარალი - კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა უფრო მეტ ადამიანს მოკლავს ვიდრე თავად კორონავირუსი


თურქეთთან ავიამიმოსვლა 21 მარტიდან შეჩერდება



სხვა სიახლეები