• Ƀ/$

აზერბაიჯანსა და სომხეთში კორონავირუსის გავრცელებას ებრძვიან

16 მარტი 12:41 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 12 მარტს გლობალური პანდემიის დეკლარირების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

სომხეთი


პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 13 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა, მას შემდეგ რაც 16 მარტის მოცემულობით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28 ადამიანს მიაღწია.


დამატებით, მთავრობის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომლითაც სომეხი საჯარო მოხელეების არაერთი საგარეო ვიზიტი გაუქმდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთში, იუსტიციის მინისტრის რუსტამ ბადასიანის, დანიაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლენა ნანუშიანის და აშშ-ში, სომხური დელეგაციის ვიზიტები გაუქმდა.


ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა ძველი გამოყენებული ბანკნოტების, ახალი გამოუყენებელი ერთეულებით თანდათანობით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, მათ სომეხ მოქალაქეებს მოუწოდეს, კუთვნილი თანხების უმეტესი ნაწილი უნაღდო გადახდის მეთოდებით და ე.წ. ონლაინ საბანკო სერვისებით გამოიყენონ.


სომხურმა ავიაკომპანიამ ფრენების უმეტესი ნაწილი 16 აპრილამდე შეაჩერა, რამაც ნაყიდი ბილეთების მასიურად უკან დაბრუნება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ გევორქ ხაჩატრიანმა განაცხადა.


აზერბაიჯანი


კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების პირველი შემთხვევის შემდეგ, დაავადების შესაჩერებლად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დამატებითი ზომების გატარება დაიწყო.


ამ სახელმწიფოში შესვლის მსურველებისთვის გასაცემი ელექტრონული ვიზის (ASAN Visa) ვებ-გვერდმა 45 დღით შეაჩერა მუშაობა. ამ ეტაპზე, უცხოეთის მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად, შესაბამის ქვეყნებში წარმოდგენილ აზერბაიჯანის საელჩოს ან საკონსულოს უნდა მიმართონ.


ვიზის მისაღები განაცხადის შეტანისას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, სადაც COVID-19 ფართოდ არის გავრცელებული, შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი უნდა წარადგინონ, რომელშიც ნაჩვენები იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ინდივიდუალური ტესტირება.


ამავდროულად, ხელისუფლება აზერბაიჯანი მოქალაქეებს მოუწოდებს, 2 თვის მანძილზე თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან, თუ აღნიშნული გადაუდებელი მდგომარეობით არაა გამოწვეული.


აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ განსაუზღვრელი ვადით დააწესა შეზღუდვები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში ვიზიტებზე.


თავის მხრივ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მხრიდან ასევე შეზღუდვები დაწესდა აზერბაიჯანის მასშტაბით ორი უდიდეს მეჩეთზე, „თაზა ფირსა“ და „ჰეიდარში“ საზეიმო ღონისძიებების გამართვაზე.


კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში იმყოფება „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივ ე.წ. რეაგირების ეროვნულ კომიტეტთან ერთად, 3-დან 6 თვემდე ვადიანი მზადყოფნისა და „რეაგირების გეგმაზე“ მუშაობენ. ღონისძიებების გასატარებლად, ადგილობრივმა მთავრობამ $5 მლნ-ის ბიუჯეტი გამოყო.


ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 ფატალურად დასრულდა.


 


 


სხვა სიახლეები