• Ƀ/$

ხატების დეზინფექცია და სალოცავების დახურვა - როგორ რეაგირებს რელიგია კორონავირუსზე

17 მარტი 11:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში განაცხადეს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებენ.

სინოდი მორწმუნეებს იმ ხატების კივოტების (ხატების შესანახი ხის ყუთი, რედ.) დეზინფექციას ურჩევს, რომელსაც ისინი ემთხვევიან. გარდა ამისა, ზიარების შემდგომი სასმელის მიღება ერთჯერადი ჭიქებით მოხდება, ხოლო თვით ზიარების პროცესი კვლავ ერთი კოვზიდან განხორციელდება.


რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ვირუსით დაავადებულებს მოუწოდებს არ დაესწრონ საეკლესიო მსახურებებს, რათა კორონავირუსი სხვა ადამიანებზე არ გავრცელდეს. ამასთან, საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით ტაძრების დახურვა არ მოხდება. მიტროპოლიტი მრევლს მოუწოდებს თავი შეიკავონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე წასვლისგან, გარდა საეკლესიო მსახურების.


ვატიკანი მორწმუნეთა გარეშე


სხვა სახელმწიფოებში მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს გაცილებით მეტი შეზღუდვები დაუწესდათ.


მოლდოვაში, რომელმაც ევროპასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, გადაწყდა, რომ ყველა სახის რელიგიური ღონისძიება 2 კვირის მანძილზე შეჩერდება. ლატვიაში, რომელშიც საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ყველა სახის შერება აკრძალა, მათ შორის საეკლესიო მსახურება და მესა.


სომხეთის სამოციქულო ეკლესია დაგეგმილ წირვა-ლოცვებს დახურულ კარს მიღმა, ანუ მრევლის დასწრების გარეშე ჩაატარებს.


კვიპროსის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა 10 აპრილამდე არ ესტუმრონ ტაძრებს. ეკლესიის წინამძღვარმა, მთვარეპისკოპოსმა ქრისტოსმა განაცხადა, რომ მრევლმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოს, საეკლესიო მსახურებაზე არდასწრების გამო.


კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე მეტად ვატიკანი დაზარალდა. იტალიაში საკვირაო მსახურება მრევლის დასწრების გარეშე, პირდაპირ ეთერში იმართება. ყველა ტაძარი კი 3 აპრილამდე დახურულია.


ვატიკანში განაცხადეს, რომ 12 აპრილს, კათოლიკური აღდგომისადმი მიძღვნილი ყველა სახის ღონისძიება, სადაც რომის პაპის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, გაუქმებულია. მესას ტელევიზიით ან ინტერნეტის საშუალებით უჩვენებენ საზოგადოებას.


საბერძნეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაზე უარი თქვა და განაცხადეს, რომ 30 მარტამდე ყველა სახის საეკლესიო მსახურება შეწყდება, არსებული რელიგიური დოგმების მიუხედავად.


„უკაცრიელი ქააბა“ და ხალიჩების დეზინფექცია


კორონავირუსის საფრთხის გამო, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 5 მარტს მთავარი ისლამური სალოცავი - მექაში მდებარე ე.წ. აკრძალული მეჩეთი (სადაც მდებარეობს ქააბა, რედ.) დახურა. მოგვიანებით მეჩეთი გაიხსნა, მაგრამ თავად ქააბა მორწმუნეებისგან სპეციალური „კედლით“ არის იზოლირებული. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა, როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, აგრეთვე უცხოელებისთვის მექასა და მედინას მოლოცვა აკრძალა.


გერმანიაში, ადგილობრივ მუსლიმებს მოუწოდეს მარტის ბოლომდე უარი თქვან მეჩეთებში ე.წ. პარასკევის ლოცვების ჩატარებაზე, ხოლო მაროკოსა და ტაჯიკეთში არსებული ყველა მეჩეთი დაიხურა. დროებით გაუქმდა ყველა სახის ღვთისმსახურება იორდანიის ეკლესიებსა და მეჩეთებში.


ქუვეითში არამხოლოდ დაიხურა ადგილობრივი მეჩეთები, არამედ შეიცვალა „აზანიც“ (მუსლიმებში სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდება, რედ.). ახლა მოწმუნეებს მოუწოდებენ „ილოცონ სახლებში“ და თავი შეიკავონ სალოცავებში სიარულისგან.


ისრაელში მორწმუნეებს ეკრძალებათ, მთავარ ებრაულ სალოცავზე, ე.წ. გოდების კედელზე მთხვევა. მორწმუნეებს კედლის სიახლოვეს მისვლის ნებართვა აქვთ, მაგრამ სთხოვენ დაიცვან დასაშვები დისტანცია.


 


 


სხვა სიახლეები