• Ƀ/$

აკაკი ზოიძე: აღტაცებული ვარ იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მივიღეთ და დათრგუნული ვარ აშშ-ის რეაგირებით COVID-19 ზე

31 მარტი 19:46 | INTERNET დაიჯესტი

„განცვიფრებული და იმავდროულად, აღტაცებული ვარ საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე ძალიან დროული, ადეკვატური და, რაც მთავარია, კარგად კოორდინირებული ზომებით მივიღეთ და დათრგუნული ვარ აშშ-ს რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე აქვთ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი ფაქტორით და ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირება, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორად შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე.


„აბსოლუტურად განცვიფრებული და იმავდროულად დათრგუნული ვარ აშშ-ის რეაგირებით COVID-19 ზე და იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მიიღეს, ძალიან დაგვიანებული და ხშირად ფედერალურ დონეზე არაკოორდინირებული ქმედებებით. სამწუხაროდ, ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომლის პანდემიისადმი მზადყოფნის ინდექსი „83“  ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში და რომელსაც გააჩნია ყველაზე მეტი რესურსი, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის ინდუსტრიიდან დაწყებული, უმძლავრესი ეკონომიკით და სამხედრო /საგანგებო ინფრასტრუქტურით დამთავრებული, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ გაიარა უმთავრესი ტესტი - რეალური პანდემიით. ასევე განცვიფრებული ვარ და იმავდროულად, მოულოდნელად და ჩემდაუნებურად აღტაცებული საქართველოს რეაგირებით COVID 19-ზე და იმ გამამხნევებელი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე მივიღეთ ძალიან დროული, ადექვატური და რაც მთავარია, კარგად კოორდინირებული ზომებით და აშშ-სთან შედარებით განუზომლად უფრო მცირე რესურსებით (ალბათ ეს მკვეთრი კონტრასტი მხოლოდ ინტელექტუალურ რესურსებს არ ეხება). ეს კონტრასტი იმიტომაც არის გასაოცარი, რომ ზუსტად ვიცი, თუ ბიოლოგიურ საფრთხეებზე და პანდემიებზე რეაგირების რაოდენ მძლავრი სისტემა გააჩნია აშშ-ს, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა ასეთივე სისტემის შექმნაში ჩვენთან, რომლის ნაწილიცაა ახლა უკვე ბევრისთვის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის ლუგარის ლაბორატორიით”,- წერს აკაკი ზოიძე.


ექსპერტი აკეთებს დასკვნას, რომლის თანახმადაც ამ კონტრასტის ახსნა შეიძლება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ერთიანი და ეფექტიანი რეაგირებით, რაც გამოიხატება დროული მობილიზებით, სიტუაციის სწორედ შეფასებით და ეფექტიანი კოორდინაციით ეროვნულ დონეზე და უკიდურესად არაეფექტიანი და წინააღმდეგობრივი რეაგირებით აშშ-ის ფედერალურ დონეზე, რომლის მიზეზიც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს დააკვირდებით ამ პანდემიათან დაკავშირებით.


 

სხვა სიახლეები