• Ƀ/$

დიდი გეოპოლიტიკური თამაში სამხრეთ კავკასიის რუკაზე

9 ოქტომბერი 12:09 | ანალიტიკა

რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების ვლადიმირ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრამ სოჭში, „ვალდაის“ ფორუმზე, კავკასიის რეგიონში გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების ახალი ვექტორები გამოკვეთა.

შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.


„აქტიურად ვითარდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ ორ სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი, რუსული ტექნიკის შესასყიდად დადებული კონტრაქტების ფარგლებში არსებული $5 მლრდ-დან $3 მლრდ უკვე რეალიზებულია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


ილჰამ ალიევი მაღალ დონეზე აფასებს რუსეთისა და ნატოს თანაბარ ნდობას ოფიციალური ბაქოს მიმართ.


„გვახარებს, რომ ბაქო უკვე არაერთი წელია რუსეთისა და ნატოს მაღალი სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრების ადგილია. აღნიშნულს ვაფასებთ, როგორც ნდობის გამოხატვას ჩვენ მიმართ“, - დაამატა ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი თვლის, რომ „პუტინის ფაქტორი“ დაეხმარა რუსეთს 2000-იანი წლების დასაწყისში, ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.


„მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსეთმა მძიმე გამოცდებს ღირსეულად დააღწია თავი, არის ვლადიმერ პუტინის ფაქტორი. ეს სიმართლეა და ყველამ უნდა იცოდეს. სწორედ მისი გამბედაობის, სიმტკიცის და პატრიოტიზმის წყალობით არის, რომ დღეს რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ძალაა“, - შეაქო პუტინი აზერბაიჯანის ლიდერმა.


რფ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ორ სახელმწიფოს ეკონომიკური მიმართულებით კარგი პერსპექტივები აქვს.


„იმის მიუხედავად, რომ პირად კონტაქტებში გარკვეული პაუზა იყო, ქვეყნებს შორის ურთიერთობები მაინც ვითარდებოდა და ახლაც წარმატებით მიიწევს წინ. ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები ძლიერდება, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ $2,5 მლრდ. შეადგინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აზერბაიჯანთან ერთად დიდი პროექტების განხორციელება შევძლოთ“, - განმარტა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში დიდი ევრაზიული პარტნიორობა ვერ განვითარდება, მაგრამ შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამისთვის საჭიროა უკვე არსებული სტრუქტურების, ორგანიზაციების, კონცეფციების ძალისხმევა ურთიერთქმედებისთვის საჭირო ქსელის ჩამოსაყალიბებლად. მისივე თქმით, შესაძლებელია თანამშრომლობის ორგანიზაციული ფორმების/ფორმულების შემუშავება.


„საჭიროა ქვეყნებს შორის ურთიერთქმედება დემოკრატიული მეთოდებით მოხდეს. თუ ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს და მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ მივაღწევთ განვითარების იმ შედეგებს, რაც ყველას გვჭირდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ, ალიევმა პუტინს განუცხადა, რომ ისინი ოთხი თვის მანძილზე არ შეხვედრიან ერთმანეთს, რაც, მისი შეფასებით, საკმაოდ დიდი დროა, მითუმეტეს გასული წლის გათვალისწინებით, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ოთხი შეხვედრა გამართა.


„წელს სასაქონლო ბრუნვის ზრდამ 20%-ზე მეტი შეადგინა. ჩვენთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი და მეზობელია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსია დიდ წვლილს შეიტანს კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში“, - განაცხადა ალიევმა.


აზერბაიჯანი შეისწავლის საკითხს ქვეყნის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ


რუსული „როსატომი“ მზადაა ოფიციალურ ბაქოს ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზოს. აღნიშნულის შესახებ „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩევმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ადრე აზერბაიჯანს უკვე ჰქონდა მსგავსი გეგმა და პუტინმა ალიევს შესთავაზა, აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდეს.


აქვე აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი მოსკოვში ჩატარებული „რუსული ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში „როსატომის“ ხელმძღვანელ ლიხაჩევს შეხვდა, სადაც მათ სომხეთის ბირთვული ელექტროსადგურის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ იმსჯელეს.


ზოგადად, ბირთვული ელექტროსადგური მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია და ქვეყნის ტერიტორიაზე მის არსებობას როგორც სამეცნიერო, ასევე შემაკავებელი ფაქტორი გააჩნია. აქედან გამომდინარე რუსული მხარის შეთავაზება აზერბაიჯანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, შესაძლოა ბაქო-მოსკოვის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კონტექსტშიც მოიაზრებოდეს.


„ყარაბაღი აზერბაიჯანია!“


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, სოჭში ჩატარებულ შეხვედრაზე სახელმწიფოთა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები სტრტატეგიული პარტნიორობის სიბრტყეში ვითარდება.


ჰაჯიევის განცხადებით, მხარეთა შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-აზერბაიჯანის მთავრობათშორისი კომისიის როლს ურთიერთობების განვითარებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში. მისი თქმით, სახელმწიფოთა მეთაურებმა ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს, კონკრეტულად კი ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში რუსულ ენას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა - იგი ისწავლება არამხოლოდ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის.


„ვალდაის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ალიევი სომხეთის პრემიერის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.


„ცნება მთიანი ყარაბაღის ხალხი არ არსებობს. არსებობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელიც კონფლიქტამდე აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომელთაც თანაბარი უფლებები გააჩნდათ. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, აღნიშნული უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საფუძველზე. ხსნებული თანხვედრაშია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან და ჰელსინკის შეთანხმების საბოლოო აქტთან. ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი!“, - დაასრულა ალიევმა.


სოჭში, „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ მიერ ჩატარებულ რიგით მე-16 შეხვედრას რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ფილიპინების პრეზიდენტები და იორდანიის მეფე დაესწრნენ.


ექსპერტების თვალით


ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით M2B აზერბაიჯანელ დამოუკიდებელ მკვლევარს ვაჰიდ ალიევს და ექსპერტს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს ლაშა ძებისაშვილს გაესაუბრა.


ვაჰიდ ალიევი - სწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ფორმულის [მეტი აქცენტი რუსეთისკენ] თანდათანობით ცვლილება 2014 წელს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ, დონბასის რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწყო.


ეს გამოიწვია დასავლეთის უმოქმედობამ, დაუყონებლივ და ეფექტურად მოეხდინა რეაგირება უკრაინის კრიზისზე. შედეგად რეგიონში წარმოიშვა „უსაფრთხოების ვაკუუმი“, რომლის შევსება რუსეთმა დაიწყო.


უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდამდე ოფიციალური ბაქო საკმაო წარმატებით ახორციელებდა საკუთარ დაბალანსების პოლიტიკას, რაც გულისხმობდა სამხედრო ალიანსებისგან თავის არიდებას და დასავლეთთან და რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ზოგადად მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.


იმის გამო, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ძალები რეგიონზე მიმართა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს, აზერბაიჯანის ხელისუფლება (შეცდომით!) თვლის, რომ რუსეთი შეცვლის ამჟამინდელ დამოკიდებულებას და პოზიტიურ როლს ითამაშებს კონფლიქტის დარეგულირებაში.


ოფიციალური ბაქოს ამ მცდარი წარმოდგენების შედეგია უკანასკნელ პერიოდში საუბრების გაძლიერება აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრიანების შესახებ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (კუხო) და „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, თითქოს კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში, ბაქო ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის გარშემო საკუთარი დღისწესრიგის ჩამოყალიბებას.


იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის პოლიტიკის უმთავრესი თემაა და ამავდროულად იზრდება რუსეთის გავლენა რეგიონში (მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართვა რეგიონის კონფლიქტებში), სწორედ ეს არის აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ფაქტორი და მისი შემდგომი განვითარების წინაპირობა. ამას შედეგად მოჰყვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, როდესაც ბაქო $5 მლრდ-იანი კონტრაქტების სანაცვლოდ იღებს რუსულ შეიარაღებას.


რათქმაუნდა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ამ სახელმწიფოებს შორის სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება, მაგრამ სავარაუდოდ რუსულ რეგიონულ ბლოკებში აზერბაიჯანის ინტეგრაციის გარეშე.


კრემლს ურჩევნია მთიანი ყარაბაღის არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნება, როდესაც ტერიტორია კონტროლდება სომხების მხარდაჭერილი ძალების მიერ და აღნიშნული მოსკოვს აძლევს ბერკეტებს ორივე ქვეყნის მიმართ.


სხვა ფაქტორებს მიეკუთვნება ზემოხსენებული „უსაფრთხოების ვაკუუმი“, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ ევროპაში ისეთი შიდა კრიზისები არსებობს, როგორებიცაა „ბრექსითი“ და კანონის უზენაესობის პრობლემები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად განელებულია დასავლეთის მიდგომები აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ. ამ ვაკუუმის წარმოშობას დაემატა რეგიონში აშშ-ის ძლიერი წარმომადგენლობის ნაკლებობა.


აზერბაიჯანში კრემლის „რბილი ძალის“ ახალი ტალღის წარმოშობა, დასავლური მედიის და საგანმანათლებლო შესაძლებლობების და ამ სფეროში მთავრობის სტრატეგიის არარსებობა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ამ პროცესებს.


ლაშა ძებისაშვილი - ალიევისთვის გასაგებია, რომ სომხეთთან და მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან მიმართებაში მას პუტინის მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკის, კერძოდ კი ენერგეტიკის სფეროში. ბაქოსა და მოსკოვს შორის ყოველთვის არსებობდა და კვლავ იარსებებს პრაქტიკული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური. აქვე აღსანიშნავია, რომ პუტინი ფაშინიანის სანდოობაში ბოლომდე არ არის დარწმუნებული.


ოფიციალური ბაქო ცდილობს პროგრესის მიღწევას ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით და ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ მიერ ადრე შემუშავებული ინიციატივის მიხედვით, როგორც მინიმუმ რამდენიმე ოკუპირებული რაიონის (მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მიღმა) დაბრუნებას. გარდა ამისა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია კრემლის მხარდაჭერა კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით, რაც ცოტახნის წინ ასტანაში გაფორმდა და აზერბაიჯან-ყაზახეთ-თურქმენეთის პოზიციას თითქმის სრულიად ითვალისწინებს.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები