• Ƀ/$

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს

9 ოქტომბერი 13:05 | ეკონომიკა

„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ – ამ დასახელებით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია თბილისში, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი უმასპინძლებს.

კონფერენციის მნიშვნელობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს ვესაუბრეთ.


- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციის მასპინძელი თბილისი იქნება. რამდენად წარმომადგენლობითი იქნება კონფერენცია და რომელი ქვეყნებიდან ელოდებით კოლეგებსა და სტუმრებს?


- თბილისში, 11 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, სადაც განხილული იქნება ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.


კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები OECD-დან ანტიკორუფციული ქსელის მენეჯერი - ოლგა სავრანი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ანტონ ნიმაკი. კონფერენცია ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.


კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის ბიზნესომბუდსმენების პანელი, სადაც მათ გამოცდილებაზე და თანამშრომლობაზე იქნება საუბარი, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემატიკის პანელი და საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების საპრეზენტაციო პანელი.


კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.


- რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის კოორდინირება თქვენს უცხოელ კოლეგებთან?


- ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უზბეკეთის, ყაზახეთის, ალბანეთის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ქეისების გაცნობა. ამ ქვეყნებში ბიზნესომბუდსმენების ოფისები მართალია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით არის შექმნილი, ამიტომ მათთან კოოპერაცია, თანამშრომლობის გაძლიერება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. მეორე მიმართულება - ეს ქვეყნები არის საინტერესო ბაზრები ქართული ბიზნესისთვის, სადაც მართალია არა დიდი რაოდენობით, მაგრამ წარმოდგენილნი არიან კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა.


ასევე, ჩვენი ერთობლივი კოოპერაციით შესაძლებელია ბევრი საერთაშორისო პროგრამის თუ პროექტის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.


აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წელს ჩვენთან შემოსული განცხადებების 42% უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით ბიზნესიდან იყო შემოსული. მათ შორის, გვქონდა ქეისები უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებისგან. რამდენიმე მათგანი წარმატებით არის დასრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა.


- რა იქნება კონფერენციის ძირითადი თემა და რა გამოწვევებზე გაამახვილებთ ყურადღებას?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებს.


ასევე, საინტერესო იქნება სტუმრებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია, იმ უპირატესობების წარმოჩენა, რომელთა შესახებაც მათ შეუძლიათ შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში.


ასევე, თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და სტრატეგია ბიზნესის უფლებების დაცვის მიმართულებით, საინტერესო ქეისები და ჩვენ ამ კუთხით გვექნება დისკუსიები სხვადასხვა პანელებზე.


- არსებობს თუ არა საერთო გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აღნიშნული ქვეყნების ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული პროგრამების,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და სავაჭრო ბარიერების გამარტივების საკითხებს.


- ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც ბიზნესის უფლებებს ეხება. ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ მსგავს პროექტებს?


- საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის შემდეგაც ჩვენ ველოდებით ერთობლივ პროექტებს და ქეისებს ბიზნესის უფლებების, ანტიკორუფციული პროექტების მიმართულებით.


მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, სადაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი უწყება, რომელიც ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით იქნება წამყვანი.


ველოდებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კოლეგა ინსტიტუტებთან.


რაც შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებს, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო მემორანდუმი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის მიხედვითაც, გაგვიჩნდება წვდომა  ფინანსურ რესურსზე და შეგვეძლება სხვადასხვა კანონპროექტებზე ან მოქმედ რეგულაციებზე, რომელსაც ბიზნესთან ერთად შევარჩევთ, მოვამზადოთ რეგულირების გავლენის შეფასებები (RIA).


სხვა სიახლეები