• Ƀ/$

რა ხდება სირიაში - საომარი მოქმედებების მიმოხილვა

10 ოქტომბერი 13:56 | ანალიტიკა

აშშ-ის ხელისუფლება თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო უკაყოფილებას გამოთქვამს, რადგან სამხედრო მოქმედებები ოფიციალური ვაშინგტონის მიერ მხარდაჭრილი ქურთების წინააღმდეგ ხორციელდება.

ამერიკელი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები უკვე მუშაობენ შესაძლო სანქციების თაობაზე, რომელსაც მალე წარუდგენენ საზოგადოებას.


სენატორ კრის ვან ჰოლენის განცხადებით, ანკარამ ამერიკის პარტნიორებზე თავდასხმის გამო, რომლებმაც თავის მხრივ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლებში, „მაღალი ფასი“ უნდა გადაიხადოს.


სენატორ ლინდსი გრემის განცხადებით, თურქეთის მოქმედებები ხელს უწყობს „დაიშის“ კვლავინდებურ აღორძინებას.


ტრამპი თურქეთს კვლავ დაემუქრა


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი, სირიაში განხორციელებული მოქმედებების გამო, ბევრად უარესს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ეს უბრალოდ სანქციებია. მისი თქმით, შეერთებულ შტატები ანკარის წინააღმდეგ გაატარებს მკაცრ ზომებს და კვლავ ძალაშია მისი სიტყვები „თურქული ეკონომიკის განადგურებასთან“ დაკავშირებით.


„პოლიტიკურ ასპარეზზე შესვლის პირველი დღიდან აღვნიშნე, რომ არ სურდა ამ გაუთავებელ და უაზრო ომებში მონაწილეობის მიღება, რომელიც შტატებისთვის საკმაოდ არამომგებიანია. ამერიკელი სამხედროები თურქული ოპერაციის ზონაში არ იმყოფებიან, მაგრამ ანკარის აღნიშნული მოქმედებები საკმაოდ ცუდი იდეაა და ჩვენ მას მხარს არ ვუჭერთ“ - განმარტა ტრამპმა.


ერდოღანს ტრამპთან შეხვედრა სურს


თურქეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება მათ მიმართ მიმართულია „გარკვეულ წრეებში დაძაბულობის შემცირების მიზნით“. მისი თქმით, ანკარას გააჩნია სამართლებრივი უფლება განახორციელოს ოპერაცია სირიაში, ანკარასა და დამასკოს შორის 1998 წელს მიღწეული ე.წ. ადანას შეთანხმების მიხედვით. აქვე მან დაამატა, რომ მ.წ. 13 ნოემბერს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება.


მაიკ პომპეო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკას თურქეთისთვის, ჩრდილოეთ სირიაში დაგეგმილ ოპერაციაზე თანხმობა არ განუცხადებია, იმის მიუხედავად, რომ ანკარას „ლეგიტიმური უსაფრთხოების პრობლემები“ გააჩნია.


„ტყუილია, თითქოს ჩვენი „მწვანე შუქი“ ავუნთეთ თურქეთის ხელისუფლებას. პრეზიდენტმა ტრამპმა წამოიწყო კამპანია „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად და ჩვენ ამას მივაღწიეთ. რაც შეეხება ამ ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას, ეს მოხდა იმ მიზნით, რომ ჩვენ სამხედროებს საფრთხე არ დამუქრებოდათ.


აქვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბარი გამართა სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.


ევროკავშირი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება


ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ე.წ. ლტოლვილთა უსაფრთხოების ზონის ნებისმიერ თურქულ გეგმას დახმარებას არ გაუწევს.


„ჩვენ მოვუწოდებთ ანკარას დაასრულოს ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების ზონის შექმნის თურქული მოდელი დააკმაყოფილებს ლტოლვილთა დაბრუნების საერთაშორისო კრიტერიუმებს. ევროკავშირი ხელს ვერ შეუწყობს სტაბილიზაციის პროცესებს იმ რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები უგულებელყოფილია“ - ნათქვამია 28 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.


აქვე, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას გეგმავს.


გაეროში ბელგიის მუდმივი წარმომადგენლის, მარკ პექსტენის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და ბელგია უშიშროების საბჭოს შეხვედრას ითხოვენ, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ დღეს, 10 ოქტომბერს უნდა შედგეს დახურულ კარს მიღმა.


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქურთებს აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი მიწები


ჰასან რუჰანი თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედონ ამჟამინდელ პოზიციას და განსაკუთრებული მოთმინება გამოიჩინონ ჩრდილოეთ სირიაში.


„როგორც ირან-რუსეთ-თურქეთს შორის უკანასკნელ შეხვედრაზე განვაცხადეთ, ჩრდილოეთ სირიის და თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოება მხოლოდ სირიის არმიამ უნდა უზრუნველყოს. ამ საკითხის გარშემო უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა, აშშ-ის ჯარებმა კი რეგიონი უნდა დატოვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქურთებს აქვთ უფლება, სირიის არმიასთან ერთად დაიცვან საკუთარი მიწები. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თურქ ძმებს, გადახედონ ამჟამინდელ საკუთარ პოზიციას და იმოქმედონ დიდი მოთმინებით. დღეს მთავარ პრობლემას არა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი და დინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილი, არამედ იდლიბი წარმოადგენს, სადაც თავმოყრილნი არიან ტერორისტები“ - განაცხადა რუჰანიმ.


ეგვიპტე გმობს თურქეთის „აგრესიას“ სირიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ


ოფიციალური კაირო ეხმაურება თურქულ სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში და მას სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აფასებს.


ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო განხორციელებული შეტევა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა შეაჩერონ სირიის ტერიტორიების ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა ან დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერი ცვლილება ამ რეგიონში. აქვე, ეგვიპტე არაბულ სახელმწიფოთა ლიგას საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდებს.


მიმდინარე მოვლენებს სომხეთის ხელისუფლება ეხმაურება


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა თურქეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.


განცხადების მიხედვით, ოფიციალური ერევანი გმობს თურქულ „აგრესიას“ სირიის ჩრდილოეთით, რომელმაც შესაძლოა უსაფრთხო რეჟიმის გაურესება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადი და საბოლოოდ ახალი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს. უწყების თქმით, განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის.


„სამხედრო ჩარევა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით მათ იდენტობას. ერევანი ითხოვს საერთაშორისო ძალისხმევას სამხედრო ინტერვენციის დასრულების, მასობრივი „ბარბაროსობის“ თავიდან ასაცილებლად და სირიის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის თურქეთისგან დასაცავად. სომხეთი მხარს უჭერს სირიის მთლიანობასა და სუვერენიტეტს და კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“ - ნათქვამია განცხადებაში.


პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს სათანადო ზომები უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და უზრუნველყონ სირიის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათ შორის ეროვნული უმცირესობების, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთის საზღვრის გასწვრივ.


ფაშინიანის თქმით, სომხეთი კვლავ გააგრძელებს ჰუმანიტარულ მისიას სირიაში.


სამხედრო ოპერაციის პირველი შედეგები


თურქეთის შეირაღებულმა ძალებმა, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში ქურთების 181 ობიექტზე მიიტანეს იერიში. მოქმედებები მიმდინარეობს სახმელეთო და საჰაერო ძალების გამოყენებით.


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, F-16 ტიპის თვითმფრინავებმა PKK-ს კუთვნილი 181 ობიექტი დაბომბეს. სამხედრო თვითმფრინავები აგრძელებენ ფრენებს სასაზღვრო რაიონ შანლიუფრას დასახლებული პუნქტების სიახლოვეს.


თავის მხრივ, ადგილობრივი ძალები მიზანმიმართულად აჩენენ ხანძრებს, მოწინააღმდეგის ავიაციისთვის ხელშესაშლელად.


სირიის სომხური გაზეთის „განძსაზარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქამიშლის, დრბესის, რას ულ-აინის დასახლებებზე სარაკეტო შეტევების შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა 20 მშვიდობიანი მოქალაქე. თურქული ძალები თანდათანობით აფართოებენ სარაკეტო შეტევების არეალს. ქამიშლიში მდებარე ბშეირის კვარტლის მაცხოვრებლები დროებით ევაკუირებულნი არიან უსტის სომხებით დასახლებულ კვარტალში, სადაც მეტი უსაფრთხოებაა. სკოლები და სასწავლო დაწესებულებები ამჟამად დახურულია.


თავის მხრივ, „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) ქურთულ-არაბულმა დანაყოფებმა მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ ნუსაიბინზე შეტევა განახორციელეს.


SDF-მა შეტევა განახორციელა აგრეთვე თურქულ ქალაქ ჯიეილანპინარზე და თურქეთის არმიის პოზიციებზე ჰასექის პროვინციაში.


ნატოს გენერალური მდივანი თურქეთში ჩავა


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენ-მდივანი იენს სტოლტენბერგი მ.წ. 11 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე საკითხები განიხილება.


 


 


სხვა სიახლეები