• Ƀ/$

საერთაშორისო საზოგადოების უთანხმოება - თურქეთი სანქციების ზღვარზე

11 ოქტომბერი 14:30 | ანალიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, იგი ვერ გააკეთებს კომენტარს ტრამპის პოსტებზე, რადგან ყოველ ჯერზე ის ურთიერთგამომრიცხავ, განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს.

აქვე მან აღნიშნა, რომ ანკარას ამერიკული მუქარა არ აშინებს და ისინი არ შეცვლიან არსებულ პოლიტიკას და გააკეთებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ.


„მიმდინარე სამხედრო ოპერაცია თურქეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია იმის მიუხედავად, თუ ვინ გვემუქრება სანქციებით. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს მომავლისთვის. ეს ჩვენთვის გადარჩენის საკითხია. ვხედავთ, რომ ჩვენი მოკავშირეები ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით დგომისკენ არიან მიდრეკილები და უარს ამბობენ მის მოკავშირე თურქეთზე. მარტო გვიწევს სამხედრო ოპერაციის წარმოება ტერორისტთა წინააღმდეგ. მოქმედებების დაწყებამდე საქმის კურსში ჩავაყენეთ სხვადასხვა ქვეყნები და საერთშორისო ორგანიზაციები“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.


მისი თქმით, თურქეთს ოპერაციის ჩატარების უფლება აქვს 1998 წლის ანკარასა და დამასკოს შორის ქალაქ ადანაში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ანუ ისინი აკეთებენ იმას, რასაც სირიის ხელისუფლება ვერ ახორციელებს.


მინისტრის განცხადებით, მათთვის შეუძლებელია მოლაპარაკებების წარმოება ოფიციალური დამასკოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.


„რაზე უნდა ვესაუბროთ იმ ხალხს, რომელთაც მილიონობით საკუთარი მოქალაქე მოკლეს სირიაში. პრეზიდენტი ბაშარ ასადი ვერ შეძლებს სახელმწიფოს გაერთიანებას“, - დასძინა მინისტრმა.


სირიის ხელისუფლება მიმდინარე მოვლენების შესახებ


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ მიქდადის განცხადებით, ოფიციალური დამასკო არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ქურთულ ძალებთან, რადგან მათ ქვეყანას უღალატეს და თურქეთს სახელწიფო სუვერენიტეტის დარღვევის საბაბი მისცეს.


„ჩვენ არ შევალთ დიალოგში მათთან, ვინც უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცნენ. სირიის ტერიტორია არ იქნება ვაშინგტონის აგენტების პლაცდარმი“, - განმარტა მიქდადმა.


ტრამპი თურქებს და ქურთებს შუამავლობას სთავაზობს


ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მათ სირიაში თურქული ოპერაციის საპასუხოდ მოქმედების სამი ვარიანტი გააჩნიათ, რომელთაგან ერთ-ერთი ორ მხარეს შორის მედიატორის როლის კისრებაა.


„ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი: გავგზავნოთ ათასობით ჯარისკაცი და მოვიპოვოთ სამხედრო გამარჯვება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური დარტყმა მივაყენოთ თურქეთის ეკონომიკას ან შევასრულოთ შუამავლის როლი თურქებს და ქურთებს შორის შეთანხმების მისაღწევად“, - განმარტა ტრამპმა.


გაეროს უშიშროების საბჭომ შეთანხმება ვერ შეძლო


შეერთებულმა შტატები და რუსეთი არ დაეთანხმნენ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მიღებული დეკლარაციის წინადადებას, რომელიც გმობს თურქეთის ანტიტერორისტულ ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში.


დიპლომატიური წყაროების ცნობით, ზემოხსენებული ორი სახელმწიფო არ დაეთანხმა ტექსტში სიტყვა „დაგმობის“ არსებობას და მის ამოღებას ითხოვდნენ.


დახურული შეხვედრა ხუთი სახელმწიფოს - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, პოლონეთის და ბელგიის ინიციატივით შედგა.


ამერიკული მხარე შერბილებული პოზიციით გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ თურქულ სამხედრო ოპერაციას, ხოლო რუსულმა მხარემ თურქეთს მხოლოდ „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.


გაეროს გენ-მდივნის განცხადება სირიის საკითხთან დაკავშირებით


საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში შეშფოთებას გამოხატავს ჩრრდილოეთ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და კონფლიქტის აბსოლუტური დეესკალაციისკენ მოუწოდებს თურქეთს.


„სამხედრო ოპერაცია უნდა განხორციელდეს გაეროს წესდების და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის შესაბამისად“ - განაცხადა გუტერიშმა.


მაკრონი თურქულ მხარეს მიმართავს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ანკარას მოუწოდებს დაასრულოს სირიაში შეჭრის ოპერაციები, რადგან თურქული მხარე ამით ირიბად ეხმარება „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის აღდგენას.


„თურქეთი მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული რისკის ქვეშ აყენებს. ანკარას დაეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თუ კვლავ დაიწყება ხალიფატის შექმნა“ - განაცხადა მაკრონმა.


ბრიტანეთი თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს


გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პოზიციით თურქეთის სამხედრო ოპერაცია გამოიწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს და შეაფერხებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინაარმდეგ ბრძოლას.


ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დომინიკ რააბის განცხადებით, ბრიტანეთი იმედგაცრუებული და შეშფოთებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მიმდიანარე მოვლენების გამო და ანკარას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.


ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს


ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ბრიუსელში ჩასატარებელ სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებას განიხილავენ.


აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ამელი დე მონშალენმა განაცხადა.


ამერიკელი კონგრესმენები თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი დეპუტატები ამზადებენ შესაბამის სასანქციო კანონპროექტს თურქეთის წინააღმდეგ.


„პრეზიდენტი ერდოღანი და მისი რეჟიმი მიიღებენ მნიშვნელოვან პასუხს, მათი შეტევების გამო ჩვენს ქურთ მოკავშირეებზე. ეს სანქციები არამხოლოდ მიმდინარე ოპერაციის, არამედ ეს არის რეაგირება ანკარის თანამშრომლობაზე ჩვენს ოპონენტებთან, მათ შორის რუსეთთან. თუ თურქეთს სურს მოექცნენ მას, როგორ მოკავშირეს, მაშინ ისინიც ასე უნდა იქცეოდნენ“ - განაცხადა კონგრესმენმა ლიზ ჩეინმა.


თურქეთის მოქმედებებმა ირანი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა


თურქულმა სამხედრო ოპერაციამ ქურთებით დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თეირანი დილემის წინაშე დააყენა მისი ძლიერი რეგიონალური მეგობრისა და ირანის ტერიტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეთნიკურ ჯგუფს (ქურთებს) შორის, რომლებიც მის საზღვრისპირა რეგიონებშიც ცხოვრობენ.


ირანს მის ქურთულ პროვინციებში დაძაბულობის დაწყების და ამავდროულად თურქეთის დაკარგვის შიში აქვს. ანკარა მისთვის მნიშვნელოვნი მეგობარია დასავლეთ აზიაში, მით უმეტეს, რომ მას დაძაბული ურთიერთობები აქვს საუდის არაბეთთან და ისრაელთან.


მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თეირანმა უკვე მიიღო შესაბამისი ზომები მის ტერიტორიაზე შეიარაღებული ქურთების შემოდინების თავიდან ასაცილებლად და მ.წ. 9 ოქტომბერს „დაუგეგმავი“ სამხედრო სწავლება დაიწყო ერაყის საზღვრების მიდამოებში, მისი თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად.


 ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ის მიმომხილველი


სხვა სიახლეები