• Ƀ/$

მესტიაში 143 სოფელი და 835 კმ საავტომობილო გზა ციფრულ ფორმატში აღწერეს

18 ოქტომბერი 14:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეროვნულ სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზას მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემები შეემატა. 

მესტიის სოფლებში  საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს პროექტით გათვალისწინებული საველე-აღწერითი სამუშაოები.


საველე ოპერატორებმა  პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით,  ციფრულ ფორმატში სრულად აღწერეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიული მონაცემი, მათ შორის: მისამართები, სატრანსპორტო ქსელი, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, გადასასვლელები, ველო ტერმინალები, ბენზინგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ასევე  სპორტული, გასართობი, კვების, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვა ობიექტები. მთლიანობაში, მესტიაში აღიწერა 143 სოფელი, 1 772 ინტერესის ობიექტი, 835 კმ. სიგრძის მქონე საავტომობილო გზა და 731 საგზაო ნიშანი.


სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო  და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. ამ დროისთვის  საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოები დასრულდა საგარეჯოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, მარტვილის და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში. ჯამში, აღწერილია 466 სოფელი. პროექტის ფარგლებში საველე აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაგეგმილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების სოფლების აღწერა.


ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა,  ქვეყანაში ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი  აღიწერა. ამ დროისთვის პროექტის ორივე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით  აღწერილია 208 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის: 119 311 ინტერესის ობიექტი, 89 300 საგზაო ნიშანი და 57 კმ. საველოსიპედო ბილიკი.


საველე სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების და ხარისხის კონტროლის პროცედურები. დამუშავებულ  მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამის გარდა, სააგენტო მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-საც მიაწვდის, რომელიც ინფორმაციას თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს.


მსგავს თემაზე:

სანავიგაციო სისტემაში შესაყვანად სამცხე-ჯავახეთში გეოგრაფიული პუნქტები აღწერეს


მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი გაორმაგდა



სხვა სიახლეები