• Ƀ/$

ირანი ლიბანში მიმდინარე მასობრივი პროტესტით შეშფოთებულია

21 ოქტომბერი 15:23 | ანალიტიკა

ათიათასობით ლიბანელი გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთსა და სხვა დიდ ქალაქებში, ახალი საგადასახადო რეგულაციების, კორუფციის და პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. 

აქციები ხუთშაბათიდან, 18 ოქტომბრიდან მიმდინარეობს და უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.


მომიტინგეები წვავენ საბურავებს, ბლოკავენ ქალაქების მთავარ გზებს და ისმის მოწოდებები არსებული „რეჟიმის შეცვლისკენ“.


საწყისი 10 საათის მანძილზე აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მანამ სანამ ქვეყნის სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმა ძალის გამოყენებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით არ დაარბიეს პროტესტანტები. აღნიშნულმა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა გამოიწვია და აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ ქვები დაუშინეს სპეცდანიშნულების რაზმებს, ხანძარი გააჩინეს ქალაქის ქუჩებში, გაანადგურეს ბილბორდები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.


Amnesty International-ის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, რადგან აქციების მიმდინარეობა უმეტესად მშვიდობიანი იყო და მოსახლეობა იყენებდა კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების უფლებას.


ლიბანში მოქმედი „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ანგარიშით, შეტაკებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 22 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 70 ადამიანს შემთხვევის ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება. საპასუხოდ სპეცდანიშნულების რაზმის 60 წევრი დაზიანდა.


მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი


საპროტესტო ტალღის წარმოშობა გამოიწვია ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გაზარდონ გადასახადი WhatsApp-ზე და დაწესდეს $0,20 თითოეულ განხორციელებულ ზარზე. აგრეთვე მათ იმსჯელობის საგანს წარმოადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადის 11%-დან 15%-მდე გაზრდის შესაძლებლობა.


ლიბანის მოსახლეობისთვის WhatsApp-ის აპლიკაცია კომინუკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა და იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ საპროტესტო მუხტის წამოშობისთანავე უარი თქვა ამ რეგულაციის ამოქმედებაზე, ქვეყანაში მაინც გაგრძელდა მასობრივი აქციები.


ზოგადად ლიბანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი აქვს და მთავრობა ცდილობს ბიუჯეტში დეფიციტის შესამსუბუქებლად გამკაცრებული საგადასახადო ზომების პაკეტი მიიღოს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო დავალიანება $86,3 მლრდ-ია, რაც მთლიან შიდა პროდუქტზე 150%-ით მეტია.


ქვეყანაში განსაკუთრებით ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობის დონეა. ამას თან ერთვის გახშირებული პოლიტიკური ჩიხები და მეზობელ სირიაში არსებული დაუსრულებული რვაწლიანი ომი.


აქციის მონაწილეების თქმით, მათ მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ, ქვეყანაში უვარგისი ინფრასტრუქტურა, კორუფცია და მავნებლური კანონმდებლობაა და ამ ყოველივეს კიდევ ახალი საგადასახადო რეგულაციების მიღების მცდელობა ემატება.


ზემოხსენებულმა, მოსახლეობა პროტესტის უკიდურეს ზღვარზე მიიყვანა და ახლა ისინი ცდილობენ პრემიერ-მინისტრ საად ალ-ჰარირის კაბინეტზე საზოგადეობრივი ზეწოლა განახორციელონ.


ამჟამად დახურულია სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და ბანკები.


პროტესტს მინისტრთა გადადგომა მოჰყვა


აღნიშნული საპროტესტო ტალღა ყველაზე მასობრივია 90-იანი წლების შემდეგ და მოსახლეობაში იმგვარი რევოლუციური მუხტი წარმოიშვა, როგორიც 2011 წლიდან მოყოლებული ე.წ. არაბული გაზაფხულის მსვლელობისას არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფოში.


მიმდინარე აქციების ფონზე მთავრობის შემადგენლობა დატოვა ქრისტიანული „ლიბანური ძალების პარტიის“ (Lebanese Forces Party) ოთხმა მინისტრმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ჰარირის ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად პროტესტანტები აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან და აქციები კვლავ გაგრძელდება, მანამ სანამ ხელისუფლება ძირეულ რეფორმებს არ განახორციელებს.


თავის მხრივ პრემიერმა ჰარირმა ხელისუფლებას 72 საათიანი ვადა მისცა, რათა მათ შეიმუშაონ რეფორმების პაკეტი, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს მთავრობის ფინანსების შემცირებას და ახალი საგადასახადო რეგულაციების ამოქმედების გარეშე, არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.


ჰეზბოლა მოქმედ მთავრობას უჭერს მხარს


პროირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ (რომელიც ლიბანის მთავრობის ნაწილია) ლიდერი, ჰასან ნასრალა მოქმედი ხელისუფლების გადადგომას ეწინააღმდეგება.


„ყველამ უნდა თქვას უარი პოლიტიკური ქულების დაწერაზე და აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს არსებობს“ - განაცხადა მძლავრი, გავლენიანი შიიტური ჯგუფის ლიდერმა.


მისი თქმით, საპროტესტო ტალღა არის „გულწრფელი და სპონტანური“, მაგრამ ისინი არ დაუშვებენ მოქმედი ხელისუფლების დამხობას.


ამჟამად აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ ტრიპოლიში, სამხრეთ საპორტო ქალაქ ტირეში, სიდონში და ბაალბაქში. დემონსტრაციებზე აქტიურად გაისმის „რევოლუციის“ და მოქმედი ხელისუფლების „დამხობის“ მოთხოვნები.


 


 


 


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი