• Ƀ/$

იდენტურად შემოსილი პუტინი და ერდოღანი – დამთხვევა, თუ თანამოაზრეობის ნიშანი?

22 ოქტომბერი 17:07 | ანალიტიკა

სოჭში რუსეთისა და თურქეთის ლიდერების - ვლადიმირ პუტინის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა ვიწრო შემადგენლობით დაიწყო. მედიის ყურადღება ლიდერების თითქმის იდენტურმა ჩაცმულობამაც მიიპყრო.

თურქეთის პრეზიდენტი, პუტინის მიწვევით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა რუსეთში. თურქული თვითმფრინავი TC-TUR, რომლის ბორტზეც ოფიციალური ანკარის დელეგაცია იმყოფებოდა, ადგილობრივი დროით 12:45 სთ-ზე დაეშვა სოჭში.


თურქული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ფაჰრეთინ ალთუნი, პრეზიდენტი პრესსმდივანი იბრაჰიმ ქალინი, „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მაჰირ უნალი და ამავე პარტიის პრესსმდივანი ომერ ჩელიქი.


მიმდინარე შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ როგორ ანაკარასა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო და რეგიონალურ დღისწესრიგს, ძირითადად კი სირიაში განვითარებულ მოვლენებს.


რუსეთს სირიაში გრძელვადიანი სტაბილურობა სურს?


რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში არსებული სიტუაციის განხილვა სურს, უკეთესად გააცნობიეროს მიმდინარე პროცესები, მიიღოს ინფორმაცია თურქეთის გეგმებზე და შეადაროს იგი საერთაშორისო/გენერალურ გეგმებს სირიის პოლიტიკური მდგომარეობის მოგვარების გარშემო.


„მოლაპარაკებები იქნება საკმაოდ რთული, რადგან უამრავი თემა არსებობს. თურქული მხარის მოქმედებებმა სირიის არაბულ რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ შეთანხმებებს ხელი არ უნდა შეუშალოს“, - განაცხადა პესკოვმა.


პუტინის თანაშემწის თანაშემწის საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე განიხილება თურქეთის არმიის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში, მათ შორის 120 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების კონტექსტში.


„რუსეთისთვის, მისი პოზიციის შეუცვლელად, მნიშვნელოვანია სირიაში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა და მისი შენარჩუნება. ჩვენ გამოვდივარ იქიდან, რომ ამ სახელმწიფოში ყველა ჯგუფის ინტერესები იქნას გათვალისწინებული“, - დასძინა უშაკოვმა.


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ სირიაში არსებული სიტუაცია მწვავეა. აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ რუსულ-თურქული ურთიერთობების მაღალი ხარისხი გავლენას იქონიებს სადავო საკითხების მოგვარებაზე.


„რეგიონში სიტუაცია ძალიან მწვავეა. ჩვენ ამას ვხედავთ და გვესმის. შესაბამისად ეს საკონსულტაციო შეხვედრები იყო ძალიან საჭირო. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში, რუსულ-თურქული ურთიერთობების მაღალი დონე საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც რეგიონში არის წარმოქმნილი თურქეთის, რუსეთისა და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.


რუსეთის საგარეო უწყებაში თურქეთის ქმედებებს აფასებენ


თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, არღვევს ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა.


მისი თქმით, სირიის ტერიტორიაზე ლეგალურად მხოლოდ რუსეთი და ირანი იმყოფებიან, რადგან მათ ოფიციალური დამასკოს თანხმობა გააჩნიათ.


ავტორი: რატი ერისთავი, m2b-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები