• Ƀ/$

24-საათიანი მუშაობის არანორმალური რიტმი ინფექციურ საავადმყოფოში

30 აპრილი 11:20 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა”  ინფექციური საავადმყოფოს ექიმების მხარდასაჭერად “მადლობის ფონდი” შექმნა. კომპანია მადლობას უხდის კლინიკის სამედიცინო პერსონალს  და ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს. 

2 თვის წინ, მაშინ როცა თბილისი ჯერ კიდევ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა და ტურისტული სეზონის გახსნას ელოდა; ბავშვები სკოლებსა და ბაღებში დადიოდნენ, პარასკევობით კი ყველა ბარი, კლუბი თუ რესტორანი გადაჭედილი იყო, ინფექციურ საავადმყოფოში პირველი COVID-19-ის ინფექციით დაავადებული პაციენტი შევიდა.  


ინფექციის პირველი დადასტურებიდან რამდენიმე დღეში კლინიკის მიმღები განყოფილება პაციენტებით გადაივსო. და რადგანაც მაშინ სხვა კლინიკებში ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა ცხელების ცენტრები, ინფექციურის მიმღები განყოფილება დღეში 70-80 პაციენტს იღებდა. ეს იყო არანორმალური რეჟიმი - ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ზალდასტანიშვილი.


„აღარ მახსოვს საკუთარი შვილი და შვილიშვილი ბოლოს როდის ვნახე. მათთვის საშიში ვარ, იმიტომ რომ შეიძლება ვირუსი გადავდო, გარდა ამისა, თუნდაც არ იყოს ეს დაავადება ასე მარტივად გადამდები, ამდენი დრო არ მაქვს, თითქმის, 24 საათი ვმუშაობთ“, ამბობს ექიმი.


მაიას თქმით, დღესდღეობით მთელი კლინიკა, ფაქტობრივად, კორონავირუსის მქონე დ ან საეჭვო პაციენტებზეა გადასული. თუმცა სხვა საავადმყოფოებში ცხელების ცენტრების გახსნის შემდეგ მათთან საქმე ოდნავ შემსუბუქდა. ეს კი შიდა გავრცელების დაწყების შემდეგ მოხდა.


„24-საათიანი რეჟიმით ვმუშაობდით, ფაქტობრივად“, - იხსენებს ექიმი ვირუსის გავრცელების პირველ დღეებს. „დღეში ამდენ პაციენტს ვისტუმრებდით და რიგი მაინც არ თხელდებოდა. ასეთ დროს ვერ ეტყვი პაციენტს, რომ შენ მთელი დღეა ფეხზე დგახარ, მუშაობ და 1 საათი მაინც გჭირდება დასასვენებლად, ამიტომაც იღებ და იღებ პაციენტებს და გადამწვარი ბრუნდები სახლში“, - ამბობს მაია.


ექიმი შეშფოთებულია ვირუსის მუტაციის უნარით. თუკი მანამდე სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ COVID-19 რესპირატორული მოვლენების მქონე ვირუსი იყო, ახლა ასე აღარაა და მისი თქმით, თუკი ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, ეჭვი, პირველ რიგში, სწორედ კორონა ვირუსზე უნდა მიიტანონ.


„დაავადებამ კლინიკური სიმპტომები ძალიან შეიცვალა. მუცლის ტკივილი არ უნდა ახასიათებდეს, მაგრამ უკვე ახასიათებს. ასევე ახასიათებს დიარეა, სისუსტე. გამოვლენილია კანზე გამონაყარით, კრუნჩხვებითა და სისხლჩაქცევებითაც კი“, - გვიყვება მაია.


ვირუსი იმითიცაა საშიში, რომ არ იცი, რას აზიანებს რეალურად. თუკი ადრე ვიცოდით, რომ მხოლოდ ფილტვებს აზიანებდა, ახლა ასე აღარაა და ექიმები ყოველ მორჩენილ პაციენტს გულსისხლძარღვთა სისტემასაც უმოწმებენ, რადგან COVID-19 თრომბებსა და მიკროთრომბებს ტოვებს.


სწორედ ამიტომაა გადამწყვეტი იმ რეკომენდაციების დამორჩილება, რომელსაც დაავადების კონტროლის ცენტრი გამოსცემს. გულსისხლძარღვთა სისტემის გარდა, ვირუსი რიგ შემთხვევებში კუნთოვან ქსოვილსაც კი აზიანებს. ბევრია უსიმპტომო ფორმის მქონე პაციენტი ერთი შეხედვით, მაგრამ მაიას თქმით, საჭიროა თითოეული მათგანი გულისყურით გაისინჯოს, რათა დარწმუნდეს, რომ ორგანიზმი ჯანმრთელია, რადგან არავინ იცის ამჯერად რომელ ორგანოს დააზიანებს ფარულად ვირუსი.


„სწორედ ამიტომაც ვიმეორებთ დაუღალავად, რომ დარჩეთ სახლში. ჩვენ გვეშინოდა და სავსებით სამართლიანადაც, გაზაფხულის დღესასწაულების დროს შეკრებილი ხალხის გამო, რადგან ექიმები პირდაპირი საშიშროების ქვეშ შეიძლებოდა, აღმოვჩენილიყავით“, - ამბობს მაია. „დღეში ას პაციენტს ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი ნამდვილად ვერ გაუძლებს. სახლში მკურნალობის იმედად დატოვებული კორონა-ვირუსის მქონე პაციენტის გაკონტროლება კი ძალიან ძნელია, რადგან არავინ იცის, რამდენად სწრაფად შეიძლება ის დამძიმდეს“, - აღნიშნავს ექიმი.


ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა, ვირუსის გადადების ფორმაა: ის კვლავ მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადის და მისგან თავის დასაცავად ნიღაბი, ხელთათმანი, დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა ყველაზე კარგი საშუალებაა. როგორც ექიმი ჰყვება, ყოფილა იმდენად უცნაური შემთხვევებიც, როცა მეუღლეებს შორისაც კი არ დაფიქსირებულა გადადება, თუმცა, ცხადია ასეთი ცალკეული უცნაური შემთხვევების იმედზე ვერ ვიქნებით და თავის დაცვა და სოციალური დისტანცირება ცალსახად საჭიროა.


„ვუყურებ და ამ ხნის განმავლობაში ნელ-ნელა ვისწავლეთ დისტანციის დაცვა, ვეგუებით ცხოვრების ახალ სტილს. გასაგებია, რომ ძალიან რთულია ჩვენნაირი სტუმარმასპინძლობის მოყვარე ადამიანებისთვის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ სიკვდილს ხომ ყველაფერი სჯობს, ამიტომაც შესაბამისი ვაქცინის ან წამლის გამოგონებამდე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები“, - ამბობს მაია.


„იმ ადამიანებს, რომლებიც არ თანხმდებიან შეზღუდვებს და მაინც გამოდიან გარეთ, ვაჩვენებდი, როგორ სწრაფად მძიმდებიან ადამიანები ამ ავადმყოფობით. როგორ მარტივად სუნთქავდნენ ერთი წუთის წინ და როგორ უძნელდებათ უეცრად სუნთქვა მეორე წუთში და მერე როგორ ითხოვენ შველას თვალებით, ეს ყველაზე შემზარავია, რაც კი შეიძლება, ადამიანმა ნახოს, ამიტომაც, დაიცავით დისტანცია!“ - აღნიშნავს ექიმი.  


სხვა სიახლეები