• Ƀ/$

გახსნა დაგეგმილზე ადრე - რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში

14 მაისი 22:05 | INTERNET დაიჯესტი

რუსთავსა და გარდაბანში გადაადგილება უკვე შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი. გზის სავალი ნაწილიდან აღებულია ხელოვნური ბარიერები. ტერიტორია დატოვეს სამხედრო მოსამსახურეებმა. ახლა ქალაქის შესასვლელში მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. გადაადგილება ნებადართულია, თუმცა მოსახლეობას საპრევენციო ნორმების დაცვა მაინც ევალება. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია დაწესებული ქარხნებსა და საწარმოებში.

შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 18 მაისს მარნეულშიც. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, რის გამოც დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე საჭირო არაა.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. როგორც მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. ყველა მსგავსი ობიექტი აღჭურვილი იქნება სპეციალური სადეზინფექციო და დამცავი საშუალებებით, იმოქმედებს ელექტრონული რიგი.


დღესვე, საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებით ზომებზე იმსჯელეს ვიდეო კონფერენციაზე. მასში ბიზნესომბუდსმენი, სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მონაწილეობდნენ. კერძო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, გათვალისწინებულია, როგორც მათი შენიშვნები ისე სამუშაო სპეციფიკა.


გაცილებით მეტი დეტალი სალონების მუშაობის რეგულაციასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ 18 მაისიდან მოიხსნება აკრძალვა 3 ადამიანზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით. თუმცა ამ დრომდე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. ნორმა ჯერჯერობით არ ეხება ავტომობილებს. მანქანით კვლავ, მხოლოდ სამი ადამიანის გადაადგილებაა ნებადართული.


მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების 6 პუნქტიანი გეგმა პრემიერ-მინისტრმა 24 აპრილს წარადგინა. თუმცა აკრძალვების მოხსნა დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.


სილამაზის სალონების გახსნა, ღია ტიპის კვების ობიექტებთან ერთად 1 ივნისიდან მეოთხე ეტაპით იყო გათვალისწინებული. ამავე გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან იგეგმება დახურული ტიპის ბაზრების და ბაზრობების, ასევე ყველა ტიპის კვების ობიექტის მუშაობის განახლება. ყველა დანარჩენი შეზღუდვის მოხსნა საბოლოოდ 29 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არაა გამორიცხული ეს გაცილებით ადრე მოხდეს.


წყარო


სხვა სიახლეები