• Ƀ/$

კონგრესის ქვედა პალატამ „სომეხთა გენოციდი“ აღიარა და თურქეთს სანქციებსაც უმზადებს

30 ოქტომბერი 14:18 | ანალიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე განხორციელებული „სომეხთა გენოციდის“ შესახებ რეზოლუცია No.296 სამშაბათს, 29 ოქტომბერს მიიღო.

ამავდროულად კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს თურქეთის და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, რომელიც ოფიციალური ანკარის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ის შესყიდვასთან არის კავშირში.


„სომეხთა გენოციდის“ შესახებ რეზოლუციას 405 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 11 იყო წინააღმდეგი, ხოლო 3-მა თავი შეიკავა. ეს დადგენილება, რომელთა ავტორები ადგილობრივი პოლიტიკოსები ადამ შიფი (Adam Shiff) და გუს ბილირაკისი (Gus Bilirakis) არიან, აპრილში წარადგინეს.


სენატში წარდგენილ სარეზოლუციო დოკუმენტს დეპუტატები - რობერტ მენენდესი (Robert Menendez) და ტედ კრუზი (Ted Cruz) ხელმძღვანელობდნენ.


რეზოლუცია No.296-ს არ აქვს სავალდებულო კანონის ძალა. ამასთან, ინიციატივის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს არის სიმბოლური გზავნილი თურქეთის წინააღმდეგ, საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.


სომეხი ოფიციალური პირები მიესალმებიან მიღებულ რეზოლუციას


სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით აღნიშნული წარმოადგენს ისტორიული სამართლიანობისკენ და ჭეშმარიტებისკენ გადადგმულ მძლავრ ნაბიჯს. მისი თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამერიკელ სომეხთა ახალ თაობას, რომელთა მყარი პოლიტიკური და სოციალური საქმიანობა/ზეწოლა იყო მიღებული რეზოლუციის მამოძრავებელი ძალა. ეს კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს „სომეხთა გენოციდის“ საერთაშორისო აღიარებას და გლობალურ პრევენციას.


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუცია არის ისტორიული სიმართლის და ზოგადად სამართლიანობის აქტი.


თურქეთი გმობს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ქმედებებს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კომენტარი გააკეთა მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ განხორციელებული ქმედება არის ამერიკელების „შურისძიება“ თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე „მშვიდობის წყარო“, რომელმაც აშშ-ის გეგმები შეაფერხა. მინისტრმა „სამარცხვინო“ უწოდა მათ, ვინც ისტორიას იყენებს თანამედროვე პოლიტიკაში და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არაფერს ნიშნავს თურქეთის მთავრობისა და ხალხისთვის. მან აქვე განმარტა, რომ მიღებული რეზოლუცია სადავოა როგორც ამერიკული, ასევე საერთაშორისო სამართლით, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებს“.



2007 და 2010 წლებში, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მსგავსი შინაარსის რეზოლუციები გადიოდა, თურქეთი პროტესტის ნიშნად ვაშინგტონიდან ელჩს იწვევდა. წინა წლებში რეზოლუციის ტექსტი მხოლოდ კონგრესის კომისიებში განიხილებოდა და პლენარულ დღისწესრიგში არ შედიოდა.


თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, ამერიკელი კანონმდებლების მიერ მიღებული რეზოლუცია „სომეხთა გენოციდის“ და ანკარას წინააღმდეგ დასაწესებელი ეკონომიკური სანქციების თაობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და ზიანს აყენებს მას.


„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „სომეხთა გენოციდის“ შესახებ განხორციელებული კენჭისყრა ძალზე შემაშფოთებელია ყველასთვის, ვინც აფასებს თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მათ, ვინც რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, პასუხისმგებელნი იქნებიან ამ პრობლემატურ რეგიონში ანკარასა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაუარესებაზე. პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად ისტორიის პოლიტიზირება მიუღებელია“, - განაცხადა ალთუნმა.


„რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს, რომელიც თურქეთს ამერიკული სანქციების დაწესების საფრთხის წინაშე აყენებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრატეგიული პარტნიორობის სულს. ასეთი დოკუმენტი აშკარად არღვევს აშშ-ის სამთავრობო პოლიტიკას, მაშინ როდესაც თურქეთ-ამერიკას აქვთ ორმხრივი ინიციატივა $100 მლრდ მოცულობის სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით. ნატოს მოკავშირისთვის სანქციების დაწესების მცდელობა ტერორისტული ორგანიზაციის დასაცავად მხოლოდ დაეხმარება პოლიტიკური სიახლოვის და რეალობის გამიჯვნას“, - დასძინა ფაჰრეთინ ალთუნმა.


თურქეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა თავის მხრივ შეერთებულ შტატებს მოუწოდა პირველ რიგში თვალი გადაავლონ საკუთარ ისტორიას, ამერიკის მიერ მხარდაჭრილი ტერორისტული ორგანიზაციების - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და „ASALA“-ს (Armenian Secret Army for the Liberation of Armenia) სისხლიან წარსულს. მისი თქმით, ეს კანონპროექტი არის ისტორიის პოლიტიზირების ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი.


ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი თურქეთში დევიდ სატერფილდი ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.


აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ და რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს S-400-ის შეძენის საპასუხოდ ანკარის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტი დაამტკიცა.


დამტკიცებული დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს შეზღუდვები დაუწესდეთ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე პირებს, მათ შორის თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს. სანქციების პაკეტს ეწოდა Protect Against Conflict by Turkey Act.


დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად სანქციები დაუწესდებათ თურქულ ბანკებს - Halk Bankasi-ს და Halkbank-ს.


დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ოჯახის აშშ-ში არსებული ქონების საკითხის შემდგომი განხილვა. კანონპროექტი შემდგომ ეტაპზე სენატში უნდა განიხილონ და ამის შემდეგ მას პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს.


გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 403-მა წარმომადგენელმა, 16 კი წინააღმდეგ წავიდა.


თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნატოს სულისკვეთების“ საწინააღმდეგო ნაბიჯად შეაფასეს ამერიკელთა გადაწყვეტილება და დაგმეს მიღებული კანონპროექტი.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები