• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა

30 ოქტომბერი 17:22 | ფინანსები

ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლის და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

დღეს ევროპის საბჭო 47 წევრ ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციას იმ საერთო პრინციპების საფუძველზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატია.


1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა. ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ დატანილი იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე, იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავების გვერდით, რომელთაც ერთიანი, მრავალფეროვანი ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.


მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც  წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: "ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა"; "Our Rights, Our Freedoms, Our Europe"; "5 ლარი".


ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: "საქართველო"; "Georgia"; "20" (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); "1999 2019", ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი", "I am Georgian, and therefore I am European".


მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი ღირებულება 95 ლარია.


მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბრიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით.


 


მონეტის მახასიათებლები:


ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2019
მოჭრის რაოდენობა: 1500
დიზაინერი: ნიტა გონგაძე


მსგავს თემაზე:

სებ–მა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა


ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა გამოუშვა



სხვა სიახლეები