• Ƀ/$

ლიბანის კრიზისი – ჩიხი და გამოსავალი

1 ნოემბერი 16:51 | ანალიტიკა

ლიბანის აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ალ-ჰარირმა ქვეყნის პრეზიდენტს სამშაბათს, 29 ოქტომბერს, ოფიციალურად მიმართა გადადგომის მოთხოვნით.

„სახელმწიფოს შიგნით არსებული კრიზისული სიტუაციის და მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობების გათვალისწინებით, კონსტიტუციის შესაბამისად ვითხოვ ჩემი მთავრობის გადაყენებას“, - განაცხადა ჰარირმა.


ამის ფონზე, როგორც დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში დემონსტრანტები „რევოლუციის“ შეძახილებით ერთმანეთს ულოცავდნენ დამდგარ შედეგს და აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან. მათ სურთ სრულ პოლიტიკურ კლასს დაეკისროს პასუხისმგებლობა. პროტესტის მონაწილეთა თქმით, პრემიერის გადადგომა არის თავდაპირველი გამარჯვება გრძელვადიან ბრძოლაში, შესაბამისად ისინი აგრძელებენ დემონსტრაციებს და მთავარი სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვას.


ჰარირის გადადგომა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ბოლო დღეებში ლიბანში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ და მისი მოკავშირე «Amal Movement Party”-ს შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებთან. შავებში ჩაცმული ასობით ადამიანი თავს დაესხა მოიტინგეებს და სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა რეზინის ტყვიები და ცრემსადენი გაზი გამოიყენეს.


რას ითხოვენ პროტესტანტები


ორ კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა და სექტარიანულმა დაყოფამ რიგითი ლიბანელები ქუჩაში გამოიყვანა. საზოგადოება მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.


მომიტინგეების მოთხოვნაა შეიქმნას დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, რომელსაც ექნება უნარი გადაჭრას სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. აგრეთვე უზრუნველყონ ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის.


ორშაბათს, 28 ოქტომბერს, ლიბანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა რიად სალამემ, განაცხადა, რომ აუცილებელია კრიზისიდან ქვეყნის უახლოეს დღეებში გამოყვანა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფინანსური კოლაფსი.


პრემიერის გადადგომის შემდეგ, სამშაბათის საღამოსვე დაიწყო კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. აქ საინტერესო ის არის, რომ მომავალი მთავრობის ხელმძღვანელად კვლავ საად ჰარირის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ლიბანისა და საუდის არაბეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.


ირანის როლი ლიბანში მომხდარ შეტაკებებში


ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს, ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განცხადება გააკეთა, სადაც ერაყსა და ლიბანში მიმდინარე დემონსტრაციების ხელშეწყობაში სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები დაადანაშაულა, რომლებიც საკუთარი „სანავთობე ფინანსების“ და სადაზვერვო/სპეციალური სამსახურების გამოყენებით აქტიურად უჭერენ მხარს აქციებს. აქვე მან აღნიშნა, რომ მომიტინგეთა მოთხოვნები არის სამართლიანი, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ლეგალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში.


ერაყსა და ლიბანში მიმდინარე აქციებმა ირანის ლიდერები განსაკუთრებით შეაშფოთა, რადგან ოფიციალურ თეირანს ორივე სახელმწიფოს მთავრობაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების მომხრე არ არის.


ირანელი ოფიციალური პირები ძირითად აქცენტს შეერთებულ შტატებზე და საუდის არაბეთზე აკეთებენ და მათ ადანაშაულებენ სახელმწიფოთა საშინაო საქმეეში ჩარევაში.


ლიბანში ირანს ბევრი აქვს დასაკარგი იმ შემთხვევაში, თუ პროტესტს მნიშნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. თეირანი მოკავშირე პრო-ირანულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ფინანსურად ეხმარება, თავის მხრივ ორგანიზაციამ განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა ლიბანის პოლიტიკაზე და ისინი ხელისუფლების ნაწილი არიან.


„ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ არაერთხელ სცადა მომიტინგეების „დაშინება“, რომ თუკი ისინი ქაოსს შეინარჩუნებდნენ ქუჩებში, შესაძლოა სამოქალაქო ომი დაწყებულიყო. როდესაც ეს საკმარისი არ გამოდგა, ორგანიზაციის მომხრეებმა მოკავშირე სუბიექტებთან ერთად პროტესტის ჩაშლა ძალადობრივი მეთოდებით სცადეს, რასაც შემდგომ პრემიერ-მინისტრ ჰარირის გადადგომა მოჰყვა.


მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომაზე განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამ“: „ჰარირის გადადგომა კიდევ უფრო გააჭიანურებს რეფორმების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად“.


თავის მხრივ საფრანგეთმა, რომელიც მხარს უჭერდა ჰარირს, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად მოხდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც გადაუდებელ რეფორმებს განახორციელებს.


ჰეზბოლას მომავალი


უპრეცედენტო საპროტესტო ტალღების ფონზე, პრემიერ საად ჰარირის გადადგომით, ლიბანი ახალ პოლიტიკურ ეტაპზე გადადის, რომელშიც თავის როლს ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ და მისი მოკავშირეები ითამაშებენ.


მომიტინგეებს სურთ მოქმედი მთავრობა ჩაანაცვლოს დამოუკიდებელი ექსპერტების კაბინეტმა და შეიქმნას ახალი, არა-სექტარიანული საარჩევნო კანონმდებლობა.


იმის მიუხედავად, რომ მომიტინგეთა უმეტესობას არ სურს ჰარირის დაბრუნება ხელისუფლებაში, იგი მომავალი მთავრობის ხელმძღვანელობის უმთავრესი კანდიდატია, რადგან მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფების და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. ლიბანელ სუნიტებს შორის ჰარირი კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ითვლება - ეს მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოში, სადაც პრემიერ-მინისტრი აუცილებლად სუნიტი უნდა იყოს, პარლამენტის სპიკერი შიიტი, ხოლო პრეზიდენტი ქრისტიანი.


თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებით ჰარირი დაუპირისპირდა როგორც პრეზიდენტ მიშელ აუნს, ასევე „ჰეზბოლას“, რამაც სამომავლოდ ახალი მთავრობის ფორმირება შეიძლება გაართულოს.


ლიბანის პრეზიდენტი არასექტარიანული სისტემის მომხრეა


ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოს ამჟამინდელი სექტარიანული პოლიტიკური სისტემა პრემიერ-მინისტრის პოსტს სუნიტ მუსლიმს ანიჭებს, პარლამენტის სპიკერის პოსტს შიიტ მუსლიმს, ხოლო პრეზიდენტის პოსტს ქრისტიანს.


სატელევიზიო გამოსვლისას პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს არასექტარიანული, ტექნოკრატიაზე დაფუძნებული ახალი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.


„მინისტრები უნდა შეირჩეს თავიანთი კომპეტენციის და საექსპერტო გამოცდილებით და არა პოლიტიკური ლოიალურობით“, - განაცხადა აუნმა.


აშშ ლიბანს სამხედრო დახმარებას შეუჩერებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიბანის მთავრობას სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი $105 მლნ–იანი დახმარების შეჩერებას აპირებს.


აშშ-ის სამხედრო დახმარება შემოიფარგლება ღამის ხედვის მოწყობილობებისა და იარაღის მიწოდებაში, რომელსაც ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურები იყენებენ.


აქვე აღსანიშნავია, რომ მაისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ლიბანისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პარტიორისთვის, სამხედრო დახმარების გაწევა მოითხოვა. დღესდღეობით კი აქციების მიმდინაროების გამო, ვითარება შეცვლილია. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ლიბანის ხელისუფლებაში შიიტური „ჰეზბოლას“ მზარდი გავლენის გამო.


მომავლის სავარაუდო სცენარები


საად ალ-ჰარირი შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს მთავრობის ხელმძღვანელად და მასთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები ჩაერთონ, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.


ჰარირს მჭიდრო კავშირები აქვს დასავლურ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან.


2018 წლის აპრილში საფრანგეთის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია CEDRE ჩატარდა, სადაც მრავალი ევროპული ქვეყანა, ასევე მსოფლიო ბანკი ჩაერთო და ლიბანს $11 მლრდ ოდენობის სესხი გადაეცა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აღნიშნული სწორედ ჰარირის მხარდაჭერის საფუძველზე მოხდა, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს ფრანგ პოლიტიკოსებთან. ჰარირის გადადგომა CEDRE-ს ფინანსებზე წვდომას უზღუდავს ლიბანს.


გარდა ამისა, ლიბანში დასავლეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსის არსებობამ ოფიციალური ბეირუთი სანქციების დაწესებისგან იხსნა, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში პრო-ირანული „ჰეზბოლა“ ღრმად არის ინტეგრირებული.


ასევე შესაძლოა შეიქმნას დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული მთავრობა, როგორც ამას აქციის მონაწილეები ითხოვენ, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რადგან ამით შესუსტდება უკვე არსებული პოლიტიკური პარტიების გავლენა სახელმწიფოში.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები