• Ƀ/$

სომხეთის უსაფრთხოება რუსულ სამხედრო პოლიტიკას ეფუძნება

4 ნოემბერი 16:29 | ანალიტიკა

სომხეთის მიერ შეძენილი რუსული „SU-30S” ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები რესპუბლიკას დეკემბერს-თებერვლის პერიოდში გადაეცემა. 

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა ადგილობრივ პარლამენტში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენის შემდეგ განაცხადა.


„თვითმფრინავების მიწოდება მოხდება დეკემბერში, ან 2020 წლის იანვარ-თებერვალში. პირველ ეტაპზე ერევანი გეგმავს 4 ერთეული გამანადგურებლის შემოყვანას, სულ კი 12 ერთეულის შეძენა არის განსაზღვრული. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ მოსკოვთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული თანხის ნაწილი უკვე გადახდილია", – განაცხადა ტონოიანმა.


მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად ახალ, თანამედროვე იარაღს ყიდულობს. ეს ხდებოდა 2019 წელს და აღნიშნული გაგრძელდება 2020 წელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, სულ მცირე 4 სახელმწიფოდან. რაც შეეხება რუსეთიდან შეღავათიანი თავდაცვითი სესხით ახალი იარაღის მიწოდებას, ტონოიანის განცხადებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.


აღსანიშნავია, რომ სომხეთის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ხარჯები 2%-ით გაიზრდება და დაახლოებით 194 მლრდ. დრამს ($408 მლნ) შეადგენს.


იმავდროულად თავდაცვის განვითარების ხარჯები თითქმის გაორმაგდება 2,9-დან 4,8 მლრდ. დრამამდე, ხოლო 2021-2022 წლებში ეს ხარჯები კიდევ 1 მლრდ. დრამით გაიზრდება.


გასათვალისწინებელია, რომ სომხეთში მოქმედი საბიუჯეტო კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 4%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.


„მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, მსურს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის გაორმაგება ან გასამმაგება, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ამჟამინდელი ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ სწორად გავცეთ პასუხი ყველა გამოწვევას“, - განაცხადა ტონოიანმა.


„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოპერატიული კავშირი გრძელდება. აღნიშნული სპეციალურ სატელეფონო ფორმატში მიმდინარეობს. 2018 წლის 28 სექტემბერს დუშანბეში, პრემიერმა ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, სასაზღვრო დაძაბულობის შემცირებისა და ინციდენტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით საუბარი გამართა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ შეექმნათ ოპერატიული საკომუნიკაციო კავშირი, რომელიც ამჟამად ექსპლუატაციაშია“, - განმარტა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.


თავდაცვის მინისტრი შეეხო გიუმრიში განთავსებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას და აღნიშნა, რომ ეს ბაზა მასზე დაკისრებული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად იღებს უახლეს იარაღს და იგი უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით და სამხედრო პერსონალით. ამავდროულად ტონოიანმა უარყო ინფორმაცია 102-ე ბაზის ტერიტორიის გაფართოების და მისთვის ახალი მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.


„გიუმრიში განთავსებულ 102-ე სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს იარაღის მოდერნიზაცია და ფართოვდება მატერიალურ-ტექნიკურად. აგრეთვე დაგეგმილია სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ბაზის ტერიტორია არ გაიზრდება. ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, თუ ბაზის კონკრეტული ტერიტორია არ გამოიყენება და არ ხდება მისი ათვისება, მაშინ იგი უბრუნდება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს. მთელი ეს ტერიტორია სომხეთის იურისდიქციაში რჩება და მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის არის გათვალისწინებული", - განმარტა მინისტრმა.


საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ გიუმრიში განთავსებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა „C-300B”, სარაკეტო სისტემა “BUK-M1-2“, მეოთხე თაობის მსუბუქი საფრონტო გამანდგურებლები „MIG-29”, „Mi-8MT” და „Mi-25P” ტიპის სამხედრო-საბრძოლო ვერტმფრენები.


2010 წლის 20 აგვისტოს მოსკოვსა და ერევანს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით გიუმრის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რუსული შეიარაღებული ძალები 2044 წლამდე დარჩებიან.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ის ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები