• Ƀ/$

ვის დაარტყამს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრა?

6 ნოემბერი 14:09 | ანალიტიკა

პარლამენტში „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მოტივი სიღარიბის აღმოფხვრა და უთანასწორობის შემცირება წარმოადგენს. 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად გადაიხედება. კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი წინა წლის მესამე კვარტალის საშუალო ხელფასის 45%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშუალუო ხელფასს საქართველოში საქსტატი ითვლის.


2019 წლის მესამე კვარტალის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მეორე კვარტალში კი ის 1180 ლარს უდრიდა. 1180 ლარის 45% 531 ლარია, მაგრამ ეს დარიცხული თანხაა, რასაც საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღებ თანხად 416 ლარი - $140 რჩება.


დღეს 20 წლის წინ მიღებული კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარია, თუმცა რეალური საარსებო მინიმუმი დაახლოებით 10-15-ჯერ მეტია.


მინიმალური ხელფასის კანონი მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში მოქმედებს და რაოდენობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. განვითარებულ ქვეყნებში როგორც მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია საათობრივად და არა თვიურად. თუ მექსიკაში მინიმალური ხელფასი საათში $1.05-ს უდრის, გერმანიაში იგივე მაჩვენებელი $10.9-ს აღწევს.


მინიმალურ ხელფასს, როგორც წესი, დადებითთან ერთად თავისი გვერდითი ეფექტებიც გააჩნია. მინიმალური ხელფასის არსებობის პირობებში იზრდება უმუშევრობა. დამსაქმებელი ცდილობს არ გაზარდოს ან მინიმალურად გაზარდოს სახელფასო ხარჯი, რის გამოც კადრების შემცირება უწევს. არსებობს ასევე ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის რისკიც. დასაქმებული აღარ დარეგისტრირდება სამსახურში, შესაბამისად დამსაქმებელს მის წინაშე გაზრდილი ვალდებულებები აღარ ექნება. დაბალი ხელფასი ჩვეულებრივ ახალგაზრდა, გამოუცდელ და არაკვალიფიციურ კადრებს აქვთ, შემცირების ან არაფორმალურად დასაქმების რისკი, სადაც კიდევ უფრო ნაკლებად იქნება დაცული მათი უფლებები, პოტენციურად სწორედ მათ ეხებათ.


დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. კანონდამრღვევი პირველ ჯერზე 2000 ლარით, შემდეგ კი თითოეულ თანამშრომელზე, რომელსაც მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება ექნება, 4000 ლარით დაჯარიმდება.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე:

მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია


საშუალო ხელფასი 1180 ლარამდე გაიზარდა


30 000-მდე მასაწავლებელს ხელფასი გაეზარდა



სხვა სიახლეები