• Ƀ/$

პრეზიდენტ მაკრონის მიზანი - საფრანგეთი, როგორც ევროპის "მიზიდულობის ცენტრი"

8 ნოემბერი 12:59 | ანალიტიკა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთო მდგომარეობის შესახებ ემანუელ მაკრონის გაკეთებულ განცხადებას „უხეში შეფასება“ უწოდა.

„ეს სიტყვები ზედმეტად უხეში და მკაცრია. აღნიშნული არ შეესაბამება ჩემს თვალსაზრისს. მე განსხვავებული პერსპექტივა მაქვს ნატოს ბლოკის შიგნით თანამშრომლობის შესახებ, თუნდაც გარკვეული პრობლემები არსებობდეს. გერმანული გადმოსახედიდან ნატო პასუხობს ჩვენს ინტერესებს და ეს ჩვენი უსაფრთხოების კავშირია“ - განაცხადა მერკელმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.


თავის მხრივ სტოლტენბერგიც არ დაეთანხმა მაკრონის გამოთქმულ შეფასებას.


„ევროპელი მოკავშირეები ძლიერდებიან, ზრდიან თავიანთი შეიარაღებული ძალების მზადყოფნას და მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვის სფეროში. თავის მხრივ იზრდება შეერთებული შტატების ჯარების რაოდენობა და წვრთნები ევროპის ტერიტორიაზე. რეალობა ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაშორების ნებისმიერი მცდელობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ალიანსისა და ტრანს-ატლანტიკური კავშირის შესუსტებას, არამედ ხელს შეუწყობს ევროპის დაყოფას, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც არ დაეთანხმა ემანუელ მაკრონის გაკეთებულ შეფასებას და აღნიშნა, რომ ეს ალიანსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორიის მანძილზე.


„ნატო რჩება კრიტიკული მნიშვნელობის ალიანსად. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა კაცობრიობის ისტორიაში“, - განაცხადა პომპეომ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ნოემბერს გამოცემა The Economist-თან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „კომაში“ იმყოფება მის შიგნით სრული კოორდინაციის ნაკლებობის გამო.


„რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს არის ნატოს „ტვინის სიკვდილი“. ალიანსში არ არსებობს კოორდინაცია აშშ-ისა და ნატოს პარტნიორებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესის ზონაში ვხედავთ არაკოორდინირებულ აგრესიულ მოქმედებებს ნატოს კიდევ ერთი წევრი-სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან“, - განაცხადა მაკრონმა.


დამატებით The Economist-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის შემდგომი განვითარების სამ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა.


პირველი სცენარის მიხედვით, მაკრონი ამჟამინდელ რუსულ განვითარების მოდელს არასტაბილურად მიიჩნევს, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების, აგრეთვე შეიარაღების დაჩქარებული ტემპების გამო. მისი თქმით, რუსეთის, როგორც „სუპერძალის“ რეკონსტრუქცია იქნება „წარმოუდგენლად რთული“, ზემოხსენებული პრობლემების, ასევე ამ სახელმწიფოს კონსერვატიული პოლიტიკური და იდეოლოგიური მოდელის გათვალისწინებით. აქვე მან აღნიშნა, რომ დასავლური სახელმწიფოების გარკვეულმა შეცდომებმა კრემლს „გარკვეული ბერკეტი მისცა“ ამ გზით რუსეთის განვითარებისთვის.


მეორე ვარიანტად მაკრონმა რუსეთის, როგორც ევრაზიული მოდელის ქვეყნის განვითარებაზე ისუაბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ აზიაში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, როგორიც ჩინეთია, მას დაუბალანსებელს გახდის.


მესამე და ყველაზე სავარაუდო ვარიანტად საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის „ევროპასთან დაბალანსებული პოლიტიკის აღდგენას“ მიიჩნევს. მაკრონის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის განვითარება მხოლოდ ევროპასთან პარტნიორობის გზით არის შესაძლებელი.


 ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის მიმომხილველი


სხვა სიახლეები