• Ƀ/$

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი: „აზერბაიჯანთან ურთიერთობებს კოლოსალური პერსპექტივა გააჩნია“

8 ნოემბერი 16:42 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები დინამიურად, თანდათანობით ვითარდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„ჩვენ საერთო ისტორია, თანამედროვეობა და რა თქმა უნდა მომავალი გვაკავშირებს. ამიტომ ორმხრივ ურთიერთობების განვითარება მომავლისკენაა მიმართული და კოლოსალური პერსპექტივა გააჩნია“, - განაცხადა ზახაროვამ.


მისი თქმით, კრემლი პატივს სცემს აზერბაიჯანის დამოკიდებულებას რუსული ენის მიმართ და იმ გარემოებას, რომ ენა სახელმწიფო დონეზე სათანადოდ არის დაცული/შენარჩუნებული.


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 22-23 ნოემბერს მოსკოვში დაგეგმილი რუსეთ-აზერბაიჯანის საიუბილეო, მეათე რეგიონალურ ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო არიან.


„ფორუმი ავტორიტეტულ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რუსეთის პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, ბიზნეს და საექსპერტო წრეებს. ღონისძიებაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და ხორციელდება თანამშრომლობის ახალი, პერსპექტიული სფეროების მოძიება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის 70-ზე მეტი რეგიონი. რუსეთის 17 პოლიტიკური სუბიექტი, რომელთაც აზერბაიჯანთან სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებები აკავშირებთ. ბაქოსთან მთლიანი სავაჭრო მოცულობის მესამედზე მეტი მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე მოდის. სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან სტავროპოლის, კრასნოდარის მხარეები, ჩელიაბინსკი, სვერდლოვსკი, სარატოვი, ორენბურგი, აგრეთვე სანქტ-პეტერბურგი და თათარსტანის რესპუბლიკა“, - განაცხადა ხაზაროვამ.


საუბრის ბოლოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის მრავალმხრივ ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებს შორის კავშირების არსებობას და საჭიროა მათი მუდმივი გაფართოება.


სხვა სიახლეები