• Ƀ/$

შრომის ინსპექცია სსიპ–დ ჩამოყალიბდება 

11 ნოემბერი 18:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე განაცხადა, რომ "ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტიტანი მუშაობა". 

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან მეოთხე საჯარო შეხვედრა გამართეს, რომელზეც დისკუსიის მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულებისა და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმებია. 


როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონის აღსრულება უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ, ცვლილებებთან ერთად შრომის ინსპექციის ინსტიტუტის რეფორმირების საკითხიც განიხილება.


„ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციები, რომ ეს კანონი იყოს აღსრულებადი და არ იყოს უბრალოდ ფარატინა ქაღალდი. ამისთვის არის აუცილებელი შრომის ინსპექციის სრულფასოვანი ფორმირება. ინსპექცია იმუშავებს როგორც შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე - შრომითი უფლებების საკითხებზეც. ჩვენი მიზანია, შრომის ინსპექცია სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდეს ბიზნესისთვის და დასაქმებულებისთვის. ასევე, შრომის ინსპექციის ფუნქცია იქნება კონსულტაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც“, - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.


შრომის კოდექსში ცვლილებების საჯარო განხილვას ემხრობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსიც. ვინსენტ რეი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა დაახლოვდეს.


„ეს დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს კერძო სექტორს, მთავრობას, კანონმდებლებს. ისინი ერთად განიხილავენ, როგორ გახადონ ქართული კანონმდებლობა უფრო მოდერნიზებული და ეს პროგრესულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შრომის კოდექსის რეფორმირების საუკეთესო გზა ვიპოვოთ. გენდერული, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხების რეგულირებაში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ.


შრომის კოდექსის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსიას ესწრება შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსიც. ბექა ფერაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რაც კანონის აღსრულების გარანტია.


„წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის მანდატს, როგორი უნდა იყოს აღსრულების მექანიზმები და რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი ეს ინსტიტუტი. შრომის ინსპექცია გულისხმობს როგორც უსაფრთხოებას, ასევე - შრომით უფლებებსაც. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, შეიქმნება რეგიონული ოფისები, რაც კანონის აღსრულების საწინდარია. ასევე, კანონის პროპორციულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს თანამშრომლების რაოდენობრივი ზრდაც“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა 2015 წელს მოხდა, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში.


დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.


შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.


შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.


სხვა სიახლეები