• Ƀ/$

მცირე და საშუალო მეწარმეებმა ერთმანეთის დასახმარებლად სოციალური პროექტი - ჩვენი სივრცე შექმნეს

16 ივნისი 19:02 | კომპანიები

სოციალური პროექტი - მცირე და საშუალო მეწარმეების ურთიერთდახმარების სივრცე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ერთობლივად დაძლევის მიზნით, დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა.

მცირე და საშუალო მეწარმეები, იმპორტიორები და მსხვილი მეწარმეები სოციალურ ქსელში, ერთ სივრცეში, იყრიან თავს და საკუთარ პრობლემებს ერთმანეთს უზიარებენ, შემდეგ კი მათ გადაჭრაში თანამშრომლობენ.


როგორც პროექტის დამფუძნებელი შალვა წითური აცხადებს, სივრცეში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია, რადგან პლატფორმა კომერციული მიზნით არ შექმნილა.


“ეს არის სივრცე, სადაც თავს ვიყრით მეწარმეები და იმპორტიორები. ვაფიქსირებთ ჩვენს პრობლემებს და ვაანალიზებთ დეფიციტურ პროდუქტს ბაზარზე. ჩვენი საქმეა კონტაქტების მოძიება, პარტნიორების დაკავშირება და ერთმანეთის დახმარება, ყველა მხარის სასარგებლოდ. აქ არავინ არავის აძლევს ფულს. ვერთიანდებით მხოლოდ ურთიერთდახმარებისთვის, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს არც მანამდე გვილხინდა, კორონავირუსის პანდემიამ კი აბსოლუტურად ყველას, უამრავი პრობლემა შეუქმნა”,- აღნიშნავს შალვა წითური.


მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეების ურთიერთდახმარების სივრცეს უკვე 900-მდე წვერი ჰყავს. მათ შორის უკვე აქტიური კომუნიკაციაა, რაც ბიზნესებს რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.


“აქტიური კონტაქტის პროცესი უკვე დაიწყო, რის შედეგადაც უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ბიზნესების წარმატებული ნაბიჯები. ერთ-ერთ საცხობს, რომელსაც საზელი აპარატის ნაწილი გაუფუჭდა, დახმარება სჭირდებოდა. ფული არ ჰქონდა და ორი კვირა უნდოდა, რომ ნაწილი ე.წ. კონსიგნაციით ფორმით ეყიდა. ვუპოვე ცეხი, სადაც ამ დეტალს ამზადებენ. მათ ნაწილი მისცეს და საცხობმა ფული ორ კვირაში გადაუხადა. საცხობი არ გაჩერდა. გავაკეთეთ საქმე, რომელიც ამ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”,- აცხადებს შალვა წითური.


მისივე თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეების ურთიერთდახმარების სივრცეში ბიზნესისთვის სასარგებლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგროვდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ სივრცის წევრები ამ ინფორმაციაზე დაზრდნობით, ბაზარზე დეფიციტური პროდუქტს გამოავლენენ, მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკას გააკეთებენ, რაც შემდეგ იმპორტიორ კომპანიებს ბაზრის შევსების საშუალებას მისცემს.


"საბოლოოდ, ჩვენი სივრცის მეშვეობით თუ 1 ბიზნესს მაინც გადავარჩენთ დახურვისგან, ჩავთვლით, რომ რაღაც გაკეთდა და წვლილი შევიტანეთ ამ დიდ საქმეში", -აცხადებენ იდეის ავტორები და კომპანიებს მოუწოდებენ გაეცნონ სივრცეში გაწევრიანების წესებს და საკუთართან ერთად, სხვა ბიზნესების წარამტებისთვისაც იმუშაონ.


სხვა სიახლეები