• Ƀ/$

„თებერვალში სევანის ტბაში არავინ ბანაობს“ – ფაშინიანი თურქეთთან ურთიერთობების დალაგებაზე

15 ნოემბერი 13:35 | ანალიტიკა

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას აუცილებელია არსებული გარემოს გათვალისწინება.

სომხური სააგენტო  lragir.am–ის ცნობით, ეს განცხადება ფაშინიანმა დეპუტატ არმან ბაბაჯანიანის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელისგან აინტერესებდა, იყო თუ არა რუსეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.


ფაშინიანმა გადატანითი მნიშვნელობით გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ „სევანის ტბაზე საბანაოდ თებერვალში არავინ მიდის, მაგრამ თუ ამას ივლისში შემოგთავაზებენ, მაშინ სხვა საკითხია“.


სომხეთის პრემიერმა „ზამთრის ამინდად“ შეაფასა ამ ეტაპზე რაიმე სახის აქტივიზაციის პროცესი, რადგან ეს „საფრთხის შემცველია“. შესაბამისად, უცნობია, შესთავაზა თუ არა კრემლმა სომხებს რაიმე წინადადება და თავის მხრივ უარყო თუ არა ერევანმა „ამინდის“ გამო ეს.


სომხეთში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ერთ დროს მოსკოვი მხარს უჭერდა ე.წ. საფეხბურთო დიპლომატიას სომხეთ-თურქეთს შორის და აგრეთვე აფრთხილებდა, რომ პროცესი ვერ იქნებოდა წარმატებული, თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე რაიმე პროგრესი არ დადგებოდა.


ინტრიგა იმაშია, რომ აღნიშნული განცხადებები კეთდება რეგიონში მოვლენების დინამიური მიმდინარეობის ფონზე, სადაც თურქეთი აშშ-რუსეთს შორის არის მოქცეული. ეპიცენტრი სირიის ჩრდილოეთია, სადაც ანკარა სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ამ თემაზე ანკარა დღემდე მოლაპარაკებებშია ვაშინგტონთან და მოსკოვთან. ერდოღანმა ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იგი აპირებს პუტინთან დიალოგს.


ამ კონტექსტში საინტერესოა ოფიციალური ერევნის მნიშვნელობა. ვაშინგტონში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა შეძლო სენატში წარდგენილი პროექტის „სომეხთა გენოციდის“ დაბლოკვა. რა ფასად მიაღწია ანკარამ ამას, ნათელი არ არის.


იმავდროულად, პუტინთან საუბრისას, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სთხოვა რუს ლიდერს, რომ ერდოღანთან აწ უკვე ჩატარებულ შეხვედრაზე განეხილა სირიის ქალაქ ქამიშლიში მცხოვრები სომხების უსაფრთხოების საკითხი.


ერევანში ლავროვის ვიზიტამდე, სირიაში სომეხი კათოლიკე მღვდელი და მისი მამა მოკლეს. სომხეთის ხელისუფლება თურქეთის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდა. საპასუხოდ თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მკვლელობაში დამნაშავეები ქურთული დაჯგუფებები არიან.


საინტერესოა, ვისზეა მინიშნება - ამერიკელებზე თუ რუსებზე? ან საერთოდ მესამე ძალამ მოკლა ეთნიკურად სომეხი პიროვნებები, რათა დამატებითი პრობლემები წარმოეშვათ რუსულ-თურქულ ან თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში?


რამდენიმე დღის წინ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და რუსეთში სომხეთის ელჩს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც სირიის საკითხები განიხილეს.


ამავდროულად, სომხეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ ერევანი გააგრძელებს სირიაში ჰუმანიტარულ მისიას, რომელსაც იგი რუსეთის ლოგისტიკური დახმარებით ახორციელებს და ამჟამად სომხები ემზადებიან ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.


შესაბამისად, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ქამიშლიში და არამხოლოდ ამ ქალაქში, რუსეთის დახმარებით კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება სომხური მისია და მოსკოვი კიდევ უფრო „მეტად ჩაითრევს“ ერევანს ამ პროცესებში.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი