• Ƀ/$

ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა

17 ნოემბერი 12:00 | ეკონომიკა

ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 14.5%-ით 1.216 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 59%-ით 243 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ინფორმაციას ესკო ავრცელებს. 

დეფიციტის ზრდის მიზეზი მოხმარების ზრდა და ცუდი ჰიდროლოგიური პირობები გახდა. თუ 2018 წლის პირველ 10 თვეში მომხმარებელზე მიწოდებულმა ენერგიამ 10.345 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10.530 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ამავე დროს ჰიდროგამომუშავება 8.683 მლრდ კვტ/სთ-დან 7.891 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა, რაც 9%-იანი კლებაა.


სეზონურობიდან გამომდინარე საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება პიკურ მაჩვენებელს მაის-აგვისტოში აღწევს. ზამთრის თვეებში კი მცირდება. წლების წინ ზამთარში მოხმარება მკვეთრად აჭარბებდა ზაფხულის მოხმარებას, ტურიზმის ზრდის ფონზე კი ეს სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. თუ 2012 წლის იანვარში მოხმარება 915 მლნ კვტ/სთ იყო იმავე წლის აგვისტოში მოხმარებამ 741 მლნ კვტ/სთ ანუ 19%-ით ნაკლები შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს იანვრიდან აგვისტომდე მოხმარება მხოლოდ 4%-ით 1.149 მლრდ-დან 1.103 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ივლისშიც კი იმპორტმა ექსპორტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 94 მლნ კვტ/სთ 6 მლნ კვტ/სთ-ის საპირისპიროდ.



ალბათობა იმისა, რომ 2020 წელს ასეთივე ცუდი ჰიდროლოგიური პირობები იქნება დაბალია, შესაბამისად მოსალოდნელია ჰიდროწარმოების ზრდა. არსებული ინფორმაციით 2020 წლის გაზაფხულზევე 400 მლნ კვტ/სთ-ის პოტენციალის მქონე შუახევჰესი ხელახლა უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც დამატებით გაზრდის წამოებას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა, წარმოებასთან ერთად აუცილებლად გაიზრდება მოხმარებაც. ახალი ჰიდროსადგურების გარეშე კი საქართველო მეზობელ ქვეყნებზე უფრო მეტად ენერგოდამოკიდებული გახდება.


მსგავს თემაზე:

გორში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება


გორის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე $14,4 მლნ-დ გაიყიდა



სხვა სიახლეები