• Ƀ/$

ირანის რეჟიმი მოსახლეობას სასტიკად უსწორდება

21 ნოემბერი 17:07 | ანალიტიკა

ირანის უსაფრთხოების ძალები, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს აკავებენ.

ქმედებები უკავშირდება უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის და პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებებს, რომ ბოლო ექვსი დღეა პროტესტანტები მოქმედებენ შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის და სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით.


„შეიარაღებული ანარქისტები მოქმედებენ ამერიკელების და სიონისტების შეთქმულების საფუძველზე, მაგრამ ირანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ წარმატებას და არ დაუშვა მტრების სასარგებლოს სიტუაციის შებრუნება“, - განაცხადა რუჰანიმ.


რუჰანის აზრით, აქციები არის არა სახალხო პროტესტი, არამედ პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხე.


აქვე აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მომხდარი არეულობების დროს ირანის ხელისუფლებამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ქვეყნის შიგნით საერთაშორისო წარმომადგენლობებში მომუშავე ირანელები დააკავა, როგორც „ხამენეის შეთქმულების თეორიის“ დამადასტურებელი ფაქტი.


დღესდღეობით დაკავებული პიროვნებებზე, ხელისუფლება ყოველგვარი დამადასტურებელი გარემოების გარეშე მიუთითებს, რომ მათ გააჩნდათ „საბოტაჟის“ განსახორციელებლად საჭირო შეიარაღება.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერის ალი რაბიის განცხადებით, აღკვეთილ იქნა ირანული გაზის მთავარი საწარმო-დანადგარების განადგურების მცდელობები.


გარდა ამისა, მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერნეტის მიწოდება 95%-ით შეზღუდა, რადგან მოსახლეობამ ვერ შეძლოს უცხოური მედიისთვის ფოტო-ვიდეო მასალის მიწოდება.


ალი რაბიი კი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში მედიამ შესაძლოა იემენში და სირიაში განხორციელებული ძალადობა გააშუქოს ირანში „მიმდინარე მოვლენად, თითქოს თეირანის ხელისუფლება ძალადობს დემონსტრანტებზე.“


ინტერნეტის შეზღუდვამ ირანის ეკონომიკა კიდევ უფრო დააზინა


ინტერნეტ-ქსელის დაფარვის შეწყვეტამ უკვე დააზიანა როგორც დიდი ბიზნესი, ასევე მცირე და კერძო მეწარეები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის სოციალური მესენჯერებს Whatsapp”-ს და „Telegram”-ს იყენებდნენ.


გაზეთ Etemaad-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ინტერნეტის შეზღუდვამ 9 ტრლნ. რიალის (თითქმის $800 მლნ.) ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას.


თეირანის სავაჭრო პალატის წევრის ალი კოლაჰის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებში შეშფოთბას იწვევს ინტერნეტ-კავშირის შეწყვეტა, რადგან ფიზიკურად ელ-ფოსტით მიმოწერაც კი შეუძლებელია.


„პარტნიორები შოკირებულნი არიან, როდესაც მათ ინტერნეტის არარსებობის შესახებ ვუთხარი. ასეთი ინციდენტები ირანის საერთაშორისო ვაჭრობას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს საშინაო ვაჭრობისთვის მიყენებული ზიანია.  ისეთი რიგითი ოპერაციები, როგორიც გადაზიდვების ადგილსამყოფელის შემოწმება და ტვირთების სტატუსის დადგენაა, შეუძლებელია“, - განაცხადა კოლაჰიმ.


აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ქვეყანაში 1000 ერთეული ოფიციალურად რეგისტრირებული ონალინ-ბიზნესი არსებობდა, ახლა კი ეს რიცხვი 200 000-ზე მეტს შეადგენს და ამ ბიზნესში 70 000-80 000 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, არიან პირები, რომლებიც საკუთარი ნაწარმის გასაყიდად სოციალურ მედიას იყენებენ.


თეირანი Amnesty International-ს ანგარიშს დეზინფორმაციად აფასებს


ირანი უარყოფს უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აქციების მიმდინარეობისას ქვეყანაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


გაეროში თეირანის წარმომადგენლის ალირეზა მირიუსეფის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო დეზინფორმაციის ნაწილს“ და ორგანიზაცია არის „მიკერძოებული“.


„ნებისმიერი ფაქტი თუ შემთხვევა, რომელსაც ირანის მთავრობა არ დაადასტურებს არის სპეკულაცია და არასანდო. მათი უსაფუძვლო ბრალდებები არის ყალბი და ვერ შეცვლის ხელისუფლების მყარ, გონივრულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს“, - დაამატა მირიუსეფმა.


Amnesty Intrnetional-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანული უსაფრთხოების ძალები სასტიკად უსწორდებიან მომიტინგეებს 21 ქალაქში. შეტაკებებში მონაწილეობას იღებენ სნაიპერებიც.


ირანელების პროტესტი ერევანში


დაახლოებით 20-მდე ირანელი თანამემამულეთა მხარდასაჭერად ბოლო ორი დღეა ერევანში ირანის საელჩოს წინ პროტესტს გამოხატავს.


მათ თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - „რევოლუციის დროა!“, „თავისუფლება ირანელებისთვის!“, „ჩვენ არ გვინდა ისლამური სახელმწიფო!“, „ძირს დიქტატურა!“. მომიტინგეთა ნაწილი სომხეთში მუშაობს, ნაწილი კი სტუდენტია.


მათი თქმით, ინტერნეტის გათიშვის გამო არ აქვთ კავშირი ოჯახის წევრებთან, ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ და ა.შ.


„ჩვენ არ წარმოავადგენთ მხოლოდ თეირანს, აქ ყველანი ირანის სახელით შევიკრიბეთ. გვჯერა, რომ დიქტატურა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. არ ვიცი ცოცხლები არიან თუ არა ჩვენი ოჯახის წევრები. ირანი არ ემიჯნება მსოფლიოს. ხელისუფლებას სურს შეზღუდოს ყველაფერი, მათ შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. დასავლეთის ქვეყნებს ვთხოვთ რომ დაგვეხმარონ ამ ბლოკადის მოხსნაში. არცერთი ნორმალური სახელმწიფო არ კლავს მის მოქალაქეებს“, - განაცხადეს პროტესტანტებმა ერევანში.


ირანული „რადიო თავისუფლების“ სამსახურის კორესპონდენტის რუბიკ კაგრამანიანის თქმით, ბენზინის ფასის მატება არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. აღნიშნული არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, მოსახლეობას სურს შეცვალოს მმართველობის სისტემა და ისლამური მიდგომები.


„თუ ეს დემონსტრაციები მთელ ქვეყანას მოიცავს, რთული სათქმელია, მაგრამ ამან შეიძლება რევოლუცია გამოიწვიოს“, - განაცხადა კაგრამანიანმა.


 ბოლო 6 დღის მანძილზე ირანის სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში უწყვეტად მიმდინარეობს დემონსტრაციები, რომელიც ბენზინის ფასის გაძვირებამ გამოიწვია. ხელისუფლება სახალხო პროტესტს "ანარქისტების" და დასავლური ძალების მიერ განხორციელებულ აქტად აფასებს, რომელსაც მოსახლეობის განწყობასთან არაფერი საერთო აქვს.


 ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები